„ტორპედოს“ მნიშვნელოვანი მოგება - „სამტრედია“ ეროვნული ლიგიდან გავარდა #1TVSPORT
„ტორპედოს“ მნიშვნელოვანი მოგება - „სამტრედია“ ეროვნული ლიგიდან გავარდა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 34-ე ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში გაიმართა – რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედომ“ „სამტრედიას“ უმასპინძლა და მეტოქეს ეროვნულ ლიგაში დარჩენის ბოლო იმედიც გადაუწურა.

ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელშიც გია ცეცაძემ „ტორპედოს“ უხელმძღვანელა, რომლის მოწინააღმდეგეც მისი ყოფილი კლუბი „სამტრედია“ იყო. შეხვედრის შედეგი ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო – ქუთაისელებს ეროვნულ ლიგაში პირდაპირი გზით დარჩენისთვის მოგება სჭირდებოდათ, ხოლო „სამტრედია“ წაგების შემთხვევაში პლეოფში მოხვედრის ბოლო იმედსაც კარგავდა.

მატჩი სანახაობრივი და საინტერესო გამოდგა. ქუთაისელებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-5 წუთზე ლევან წოწონავა საჯარიმოში ანდრო გიორგაძემ წააქცია, პენალტი კი მათე ცინცაძემ უნაკლოდ შეასრულა და „ტორპედო“ 1:0 დააწინაურა.

სტუმრებმა წონასწორობა სწრაფად აღადგინეს. მე-13 წუთზე გივი იოსელიანმა კუთხური შეასრულა, გიორგი გადრანმა მცველებს დაასწრო და ეფექტური თავური დარტყმით „ტორპედოს“ კარი აიღო 1:1.

ქუთაისელებმა კიდევ ერთხელ მოახერხეს დაწინაურება. „სამტრედიას“ მეკარე ბექა ქურდაძემ თორნიკე ახვლედიანის თავური დარტყმა მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ლევან წოწონავას შეტევას ვეღარაფერი მოუხერხა 2:1.

მეორე ტაიმი დაძაბული გამოდგა და გოლები მხოლოდ მატჩის მიწურულს გავიდა. 75-ე წუთზე კი სტუმართა კარი მესამედ დიმიტრი რეკიშმა აიღო, ხოლო 79-ე წუთზე მეჰდი ბოუკასმა „ტორპედოს“ უპირატესობა სოლიდური გახადა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1 ქუთაისელთა სასარგებლოდ.

34 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 36 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და მე-7 ადგილზე მყოფ „თელავთან“ (38) სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, ხოლო „სამტრედია“ 20 ქულით დარჩა, ბოლო ორი ტურის შედეგების მიუხედავად, მეცხეადგილოსან ქობულეთის „შუქურას“ (27) ვეღარ დაეწევა და ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითდა.