„ტორპედოს“ მცველი - მიკვირს, რომ „დინამოსთან“ კონფლიქტის წამომწყებს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრა #1TVSPORT
„ტორპედოს“ მცველი - მიკვირს, რომ „დინამოსთან“ კონფლიქტის წამომწყებს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრა #1TVSPORT

„დინამო თბილისთან“ ჩაშლილ შეხვედრასა და სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა ქუთაისის „ტორპედოს“ მცველმა, ბაქარ მირცხულავამ, რომელსაც სფფ-ს სადისციპლინო კომიტეტმა 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

„ჩემი აზრით, ცოტა გადაჭარბებული იყო სასჯელები, რომელიც სადისციპლინო კომიტეტმა დაგვაკისრა, რადგან პროვოკაცია „დინამოს“ მხრიდან მოდიოდა. მიუღებელი იყო, როდესაც „დინამოს“ ფეხბურთელი ბოთლს ესვრის ჩვენს გულშემატკივარს – იმ ტრიბუნაზე, სადაც ჩვენი ოჯახის წევრები, ცოლები, დედ-მამა, შეყვარებულები არიან. გავღიზიანდით და შევკამათდით, მაგრამ 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ზედმეტი იყო“, – განაცხადა მირცხულავამ „ტორპედო ტვ“-სთან ინტერვიუში.

ქუთაისელთა მცველის თქმით, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია სიურპრიზი გამოდგა: 

„მეც წავიკითხე მსაჯის პატაკი, რომ ყვითელი ბარათის ჩვენებას აპირებდა და ამის ფონზე 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოულოდნელი აღმოჩნდა. მით უფრო იმის ფონზე, რომ არსენ ნონიკაშვილს ეწერა, თამაში რომ გაგრძელებულიყო, ყვითელ ბარათს მომცემდა და არა – წითელს“.

მირცხულავამ ყურადღება თბილისელთა მეკარეების მწვრთნელის, ევგენი ტაიკევიჩის საქციელზე გაამახვილა: 

„ეს კონფლიქტი „დინამოს“ მეკარეების მწვრთნელმა, ევგენი ტაიკევიჩმა დაიწყო და მას მხოლოდ ფულადი ჯარიმა დაეკისრა. მისგან დაიწყო ყველაფერი, თუნდაც ის, გულშემატკივრები მოედანზე რომ გადმოვიდნენ. 50 წამი იყო დასრულებამდე დარჩენილი და არაფერიც არ მოხდებოდა. ტაიკევიჩმა ბურთს ფეხი მიარტყა და… „დინამოსთან“ სულ ასეთი დაძაბულია თამაში, მაგრამ ამ ბურთის მირტყმამ აღელვება გამოიწვია. პროვოკაცია „დინამოს“ ფეხბურთელებისა და სამწვრთნელო სტაფისგან მოდიოდა და ჩვენ ამას წამოვეგეთ“.

მირცხულავას თქმით, ქუთაისის „ტორპედოსთვის“ მომდევნო 5 საშინაო მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება დიდი დარტყმაა: 

„მაყურებლის გარეშე თამაში ცუდია, მით უფრო ქუთაისში, სადაც სულ კარგი საფეხბურთო გარემოა. ბათუმის „დინამოსთანაც“, ისევე როგორც „დინამო თბილისთან“, ფაქტობრივად, სტადიონი სულ სავსე იყო. ფეხბურთელებისთვის სავსე სტადიონზე თამაში დიდი მოტივაციაა. მით უმეტეს, რომ საქართველოში იშვიათია, სტადიონი რომ გაივსოს – ძირითადად, ეს ქუთაისსა და ბათუმში ხდება, გორშიც. უმაყურებლობა, ფინანსური ჯარიმები და 4 მოთამაშის დისკვალიფიკაცია „ტორპედოზე“ ძალიან იმოქმედებს“.