„ტორპედოს" კატასტროფა ევროპალიგამდე - გუნდს ლიდერები ტოვებენ
„ტორპედოს" კატასტროფა ევროპალიგამდე - გუნდს ლიდერები ტოვებენ

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-20 ტურის ცენტრალური შეხვედრა „ანგისას” საფეხბურთო კომპლექსში გაიმართა, სადაც ბათუმის „დინამომ” ქუთაისის „ტორპედოს” უმასპინძლა და ერთპიროვნული ლიდერობის მოპოვების შანსი ხელიდან გაუშვა.

შეხვედრა ქუთაისის „ტორპედომ“ კარგად დაიწყო და მერვე წუთზე ანგარიში ნოდარ ქავთარაძემ გახსნა, მაგრამ ბათუმელები ჯოვინო ფლამარიონისა (21. პენალტი) და გაბრიელ რამოსის (30) გოლებით დაწინაურდნენ. ქუთაისელებმა მოახერხეს და ქულა მაინც მოიპოვეს – ლევან გეგეჭკორმა (60) წონასწორობა აღადგინა და შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა.

20 ტურის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას 39-39 ქულით ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“ ლიდერობენ, „ტორპედო“ კი, 34 ქულით მეოთხეზეა.

ცნობილი გახდა, რომ „ტორპედომ” ამ შემადგენლობით ბოლო შეხვედრა ჩაატარა. გუნდი უკვე რამდენიმე მოთამაშემ დატოვა – მამუკა კობახიძემ, რიჩარდ ლუკამ, ამბროსი ჩაჩუამ, ოლექსანდრ აზაცკიმ და ნიკოლა სტიეპოვიჩმა, ხოლო ამ მატჩის შემდეგ ბათუმელების რიგებში გეგეჭკორი გადავიდა, რომელმაც „დინამოს“ კარი აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. „ტორპედოში“ ბოლო თამაში ჩაატარა მერაბ გიგაურმაც, რომელიც აზერბაიჯანულ „გაბალაში“ გადადის.

მოკლედ, ევროპის ლიგამდე ქუთაისის „ტორპედო“ ლიდერების დიდმა ნაწილმა დატოვა, რაც ყაზახურ „ორდაბასთან“ კახა ჩხეტიანის გუნდის შანსს მინიმუმამდე ამცირებს.