„ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბი - გიორგი არაბიძე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას იმსახურებს #1TVSPORT
გიორგი არაბიძის საქართველოს ნაკრებში არგამოიძახებას „ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბის („ჯუნგლები“) მწვავე რეაქცია მოჰყვა – ქუთაისელი ფანები თვლიან, რომ მათი გუნდის ლიდერი ეროვნულ გუნდში გამოძახებას იმსახურებს.
„გვსურს, გამოვხატოთ სამართლიანი უკმაყოფილება ეროვნული ნაკრების შემადგენლობასთან დაკავშირებით, სადაც არა მარტო ჩვენი, არამედ ქართული საფეხბურთო სამყაროს უმრავლესობის გასაკვირად, ვერ მოიძებნა ადგილი გიორგი არაბიძისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში მის მიერ ნაჩვენები შედეგებიდან და თამაშის ხარისხიდან გამომდინარე, ნაკრებში გამოძახებასაც იმსახურებდა და თამაშის შანსსაც.
დღეს რომ არაბიძე საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელია, ეს ეჭვგარეშეა. ამის დასტური მის მიერ ჩატარებული თამაშებია არა მარტო ეროვნულ ლიგაში, არამედ ევროტურნირებზე, რამაც მის მიმართ ევროპული კლუბების მხრიდან საფუძვლიანი და სამართლიანი ინტერესი გააჩინა. სწორედ ამიტომ უსამართლოდ მიგვაჩნია საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელთა გადაწყვეტილება, გიორგის სანაკრებო სიის მიღმა დატოვებასთან დაკავშირებით.
ამ ხანმოკლე პერიოდის მანძილზე ნებისმიერი კომპეტენტური და საქმეში ჩახედული ადამიანი შეამჩნევდა მის რადიკალურ ტრანსფორმაციასა და პროგრესს, რომელმაც არაბიძე ძლიერ გუნდურ მოთამაშედ ჩამოაყალიბა. ამის ნათელი დასტური იყო თუნდაც „თელავთან“ გამართული შეხვედრა. თუკი ეს ვინმეს შეუმჩნეველი დარჩა, ის ან არაკომპეტენტურია, ან, უბრალოდ, არ უნდა, რომ ეს შეიმჩნიოს.
არაკომპეტენტურობაში ბრალს არავის ვდებთ, მაგრამ შეუმჩნევლობასა და არაბიძის სათამაშო ფორმის იგნორირებას გვერდს ვერ ავუვლით. როგორც ჩანს, ამას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებთ, თუმცა, როგორც ჩანს, არც მათი ჩამოთვლაა შორეული პერსპექტივა.
დარწმუნებულნი ვართ, რომ დღევანდელი გადასახედიდან ნაკლებად მოიძებნება საქართველოს ჩემპიონატში მომუშავე მწვრთნელი, მოთამაშე ფეხბურთელი, გულშემატკივარი თუ სპორტული ჟურნალისტი, რომელიც არაბიძის ნაკრებში გამოძახებას უფრო უსამართლოდ მიიჩნევდა, ვიდრე პირიქით, რადგან თითოეულ მათგანს ამის საფუძველი თავად არაბიძემ მისცა და ამ საფუძველს ყოველი თამაშით ამყარებს.
მაშინ რაშია საქმე? არ გვსურს დავუშვათ, რომ ნაკრების ხელმძღვანელობა ეროვნული ჩემპიონატის არც თამაშებს ადევნებს თვალს და არც ეროვნულ პირველობაში მონაწილე ფეხბურთელებს აკვირდება. არც ის გვინდა დავუშვათ, რომ მთავარი მწვრთნელი ნაკლებად ინფორმირებულია იმის შესახებ, თუ ვინ არის გამორჩეული მოთამაშე და ვის უნდა მიეცეს ნაკრებში თავის გამოჩენის შანსი – ნურავინ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ მწვრთნელისთვის ინფორმაციის მიწოდება მის კომპეტენციაში ჩარევაა, რადგან ეს არის სრული აბსურდი, რომელიც ფეხბურთისგან ძალიან შორს მდგომ ადამიანსაც კი სასაცილოდაც არ ეყოფა. თუ ეს ასეა, ეს კიდევ ცალკე ტრაგედიაა, რომელიც ჩანასახშივე ყოველგვარ სტიმულს უკლავს იმ ფეხბურთელს, ვინც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს.

დღევანდელი გადასახედიდან, არაბიძე იმსახურებს ეროვნული ნაკრების სიაში ყოფნას და ქვეყნის უმთავრესი გუნდის მაისურის მორგებას. იმსახურებს შანსს, რომელიც მას უსამართლოდ წაერთვა. ამიტომ ნურც სამართლიანობის პრინციპს დაარღვევთ და ნურც კონკრეტული ადამიანების პირად ინტერესებს დააყენებთ გარკვეული ფაქტების წინ, რომელიც, თავადაც იცით, რომ უსამართლობის ტოლფასია.
„ჯუნგლები“ წარმატებასა და გამარჯვებას უსურვებს საქართველოს ნაკრებსა და მის თითოეულ წევრს მოახლოებულ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში“, – ვკითხულობთ ქუთაისელი გულშემატკივრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.