„ტორპედოს“ ფანები ლევან კობიაშვილს შეხვდნენ - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოხმაურება სასიამოვნო იყო
„ტორპედოს“ ფანები ლევან კობიაშვილს შეხვდნენ - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის გამოხმაურება სასიამოვნო იყო
ლევან კობიაშვილი ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივრებს შეხვდა – ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის შესახებ ეს ინფორმაცია „ტორპედოს“ ფან-კლუბმა, „ჩვენ ვართ ტორპედომ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
 
21 მაისს, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე ქუთაისის „ტორპედოს“ ფინანსურ პრობლემებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისთვის ამ თემაზე მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების გაკეთებული კომენტარები მიუღებელი აღმოჩნდა. ამან ქუთაისელი ფანები გააღიზიანა და სფფ-ს პრეზიდენტისაგნ ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.
„განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე, დილით ადრე, ლევან კობიაშვილი პირადად დაგვიკავშირდა და შეხვედრის მზადყოფნა გამოთქვა. ის ქუთაისში ჩამოვიდა, შეგვხვდა ფანებსა და სამწვრთნელო შტაბს. შეხვედრაზე, სადაც არაერთ საკითხს შევეხეთ, ლევან კობიაშვილის მხრიდან სიტყვა „ბოდიშმაც“ გაიჟღერა. ფედერაციის პრეზიდენტმა აგვიხსნა, რომ განცხადებას თან ახლდა ემოციური ფონი და რომ რეალურად, მას სულ სხვა რამის თქმა სურდა. გვითხრა, რომ ნებისმიერ საკითხში ის ფანების, ფეხბურთელებისა და მწვრთნელების გვერდითაა. გარდა ამისა, ლევან კობიაშვილმა იმ პროექტებზეც მოგვიყვა, რომელთა განხორციელებას ფეხბურთის ფედერაცია ქუთაისში გეგმავს. როგორც გვითხრა, ბათუმის შემდეგ ახალი (!), უეფას მეოთხე კატეგორიის სტადიონი, ჩვენს ქალაქშიც აშენდება. მანამდე კი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მინდორი იცვლება და ეს იქნება საუკეთესო მოედანი საქართველოშიო… დაგვიანონსა, რომ ქუთაისში ასევე იგეგმება საფეხბურთო აკადემიის გახსნაც“ – წერია „ჩვენ ვართ ტორპედო“-ს გვერდზე.
ქუთაისელი ფანები ლევან კობიაშვილს ამ ნაბიჯისთვის მადლობას უხდიან: „ჩვენთვის სასიამოვნო და სასიხარულოც იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მსგავსი გამოხმაურება განცხადებაზე. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდით მას ამ ჟესტისთვის და იმედს ვიტოვებთ, რომ პირობა არ დარჩება მხოლოდ პირობად! ქუთაისელებს ნამდვილად არ გვშურს სხვა ქალაქების, სადაც ბოლო პერიოდში ბევრი სასიკეთო რამ ხდება, მაგრამ ქუთაისს საქართველოში „ფეხბურთის სამჭედლოდ“ მოიხსენიებენ და ამ ქალაქს განსაკუთრებით სჭირდება ახალი თანამედროვე სტადიონი, აკადემია. ასევე იმედს ვიტოვებთ, რომ „ტორპედო“ არ დაიშლება და ხვალ-ზეგ იმაზე ბევრად ძლიერი იქნება, ვიდრე დღესაა. ჩვენის მხრივ, საამისოდ ყველაფერს ვიზამთ“.