„ტორპედოს“ 16 წლის გმირი დავით ასათიანი - პენალტის დროს ბურთს ვუყურებდი [ვიდეო]

დავით ასათიანი „საბურთალოსთან“ მატჩში ქუთაისის „ტორპედოს“ საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 16 წლის მეკარემ მატჩის ბოლო წუთზე პენალტი მოიგერია და გუნდს მნიშვნელოვანი ქულა მოუპოვა.

„შანსი მომცეს და მიხარია, რომ კახა ჩხეტიანს ნდობა გავუმართლე. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც გვერდით დამიდგა. მაგრამ თამაშზე მართლა არ მინერვიულია. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. რაც შეეხება პენალტს, ბურთს ვუყურებდი და დარტყმის მიმართულება გამოვიცანი. კარგად თუ ვითამაშე, ეს გუნდის დამსახურებაა“, – ამბობს დათო ასათიანი.

„ტორპედოს“ 16 წლის მეკარე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წევრია. „ტორპედოს“ შემადგენლობაში შემთხვევის წყალობით ითამაშა: კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში საჩხერის „ჩიხურასთან“ მატჩის წინა ვარჯიშზე ლევან შოვნაძე დაშავდა, როინ კვასხვაძე ტრავმის შემდეგ მკურნალობდა და განაცხადშიც არ იყო – ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი იძულებული გახდა, შემადგენლობაში სკოლის მოსწავლე დაეყენებინა, რომელსაც დღეს „საბურთალოსთანაც“ ნდობა გამოუცხადა.