„ტორპედომ“ „ვიტ ჯორჯია“ ჩუკვურას გოლით დაამარცხა (ვიდეო)
„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ 26-ე ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა. წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
აუტსაიდერმა მასპინძლებს დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ „ტორპედოს“ მონდომება დაუფასდა და 72-ე წუთზე ანგარიში გახსნა: თამაზ ცეცხლაძის გადაცემით ნიგერიელმა რაფაელ ჩუკვურამ ქუთაისელები ეფექტური თავური დარტყმით დაააწინაურა – 1:0.
„ტორპედომ“38 ქულა დააგროვა, „ლოკომოტივს“ (37 ქულა) გადაასწრო და ოთხეულში დაბრუნდა, „ვიტ ჯორჯია“ კი 17 ქულით ისევ ბოლო, მეათე პოზიციაზეა.
ტურში კიდევ ორი შეხვედრაა გასამართი: ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური ცენტრში „რუსთავი“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლებს, ხოლო კვირას, 1 სექტემბერს, „საბურთალო“ საჩხერის „ჩიხურას“ მიხეილ მესხის სახელობის მთავარ არენაზე დაუპირისპირდება.