„ტორპედომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო
„ტორპედომ“ სეზონისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ჩემპიონმა ფეხბურთში, ქუთაისის „ტორპედომ“ ახალი სეზონისთვის მზადება საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე დაიწყო.

„ტორპედოს“ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება არაა – გუნდი გურამ ადამაძემ, მათე კვირკვიამ, გიორგი ბერიაშვილმა და გუგა ფალავანდიშვილმა დატოვეს.

ახალწვეული კი ჯერ მხოლოდ ორია – საჩხერეს „ჩიხურას“ შემტევის, მიხეილ სარდალიშვილის შემდეგ ქუთაისელებმა ტყიბულის „მეშახტედან“ ტატო ხაინდარავა დაიმატეს. 22 წლის მეკარემ კარიერა თბილისის „დინამოს“ დუბლშემადგენლობაში დაიწყო, „ტორპედოში“ კი 2015-2016 წლებშიც ირიცხებოდა. ხაინდრავამ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ვარჯიში ნახევარმცველმა ბიძინა მახარობლიძემაც დაიწყო, რომელსაც 2017 წელს ჩემპიონატის დიდი ნაწილი ტრავმის გამო გაუცდა.