„ტორპედომ“ „რუსთავიდან“ მესამე მოთამაშე დაიმატა
„ტორპედომ“ „რუსთავიდან“ მესამე მოთამაშე დაიმატა

განახლებულ ქუთაისის „ტორპედოში“ კიდევ ერთი ახალწვეულია – საქართველოს სუპერთასის მფლობელმა „რუსთავიდან“ ზაზა ციცქიშვილი დაიმატა.

24 წლის შემტევი ნახევარმცველი რუსთაველია და კარიერა „რუსთავში“ დაიწყო. მიმდინარე სეზონზე ის გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა და 21 შეხვედრაში ხუთი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ამ ხუთი გოლიდან ორი ქუთაისის „ტორპედოს“ 20 მაისს გაუტანა.

ზაზა ციცქიშვილი მესამე ფეხბურთელია, რომელიც „ტორპედომ“ ევროპის ლიგამდე „რუსთავიდან“ დაიმატა. მანამდე ქუთაისელებმა პაპუნა ფონიავასა და თემურ ჩოგაძის დამატება მოახერხეს.

11 ივლისს ქუთაისის „ტორპედო“ ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ყაზახეთის გუნდს, შიმკენტის „ორდაბასს“ ესტუმრება, რომელსაც ქართველი სპეციალისტი კახა ცხადაძე ავარჯიშებს.

„ორდაბასისა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვედრა 11 ივლისს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. ყაზახეთიდან მატჩის ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი უზრუნველყოფს.