„ტორპედომ“ პორტუგალიელი ლეგიონერის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT
„ტორპედომ“ პორტუგალიელი ლეგიონერის ტრანსფერი დაადასტურა #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ პრესსამსახურმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პორტუგალიელი პედრო ფილიპე ტინოკო მონტეირო გუნდის მოთამაშე გახდა.

ცენტრალურმა მცველმა „ტორპედოსთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმა. აღსანიშნავია, რომ პედრო მონტეიროს ქუთაისურ გუნდში მხოლოდ ერთი ლეგიონერი დახვდება – ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი. ზაფხულამდე გუნდში ბერძენი ნახევარმცველი ვასილის კარაგუნისი თამაშობდა, მაგრამ გუნდი დატოვა.

28 წლის გამოცდილ პორტუგალიელ ლეგიონერს „ტორპედოს“ მთავარი მწვრთნელი, კახა ჩხეტიანი საშემოდგომო ეტაპის განახლებამდე დაცვის გაძლიერების იმედს უკავშირებს – პედრო მონტეირო პოზიციით ცენტრალური მცველია.

პედრო ფილიპე ტინოკო მონტეირო ვარჯიშობდა „პაკოშ ფერეირას“, „პორტოსა“ და „ფრემუნდეს“ საფეხბურთო აკადემიებში. პროფესიული კარიერა „ფრემუნდეში“ დაიწყო და გუნდთან ერთად პორტუგალიის მთავარ ლიგაში გადავიდა. პორტუგალიის უმაღლეს და მეორე ლიგაში წლების განმავლობაში თამაშობდა.

2015 წლის იანვრიდან იჯარით „ბრაგაში“ გადავიდა და მის შემადგენლობაში პორტუგალიის თასის გამარჯვებული გახდა. ასევე იჯარით ითამაშა ლიმასოლის „აპოლონში“, სადაც კვიპროსის თასი მოიგო. 2017 წლის 10 ივლისს შეუერთდა „ეშტორილს“. შემდგომში მონტეირომ იასპარეზა პორტუგალიის მეორე ლიგაში, ბოლოს ცენტრალური მცველი „აკადემიკო დე ვიზეუში“ თამაშობდა.