„ტორპედომ“ მზადება დაიწყო - ჩხეტიანი შემადგენლობას შეინარჩუნებს #1TVSPORT
„ტორპედომ“ მზადება დაიწყო - ჩხეტიანი შემადგენლობას შეინარჩუნებს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო ინფორმაცია, რომელიც კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მეორე ეტაპისთვის მზადება დაიწყო. გუნდის წევრი რამდენიმე ლეგიონერი მზადების პროცესს 20 ივლისს შეუერთდება. სულ მალე იგეგმება შეკრება და რამდენიმე ამხანაგური მატჩი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ახლო მომავალში გავავრცელებთ“, – წერია ქუთაისის „ტორპედოს“  პრესსამსახურის განცხადებაში.

„ტორპედოს“ მზადების დაწყება იმას ნიშნავს, რომ გუნდმა ელემენტარული პრობლემები მოაგვარა და ამჟამინდელ შემადგენლობას შეინარჩუნებს – მაქსიმალურად მაინც.

ამაზე კლუბის ოფიციალური განცხადებაც მეტყველებდა, სადაც ეწერა, რომ საფეხბურთო კლუბ „ტორპედოსა“ და „ნიუ ვიჟენს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც კომპანია გუნდს სპონსორობას გაუწევს. იქვე მითითებული იყო, რომ ამ გადაწყვეტილებით „ტორპედოში“ არსებული ფინანსური პრობლემები მოგვარებულია. არადა, მანამდე გუნდმა წყალტუბოს „სამგურალთან“ დაგეგმილი საკონტროლო მატჩი იმიტომ ჩაშალა, რომ შემადგენლობა ვერ შეიკრიბა და სოსო ფრუიძის გუნდმა 17 ივლისს ამხანაგური მატჩი ქუთაისელების ნაცვლად, ზუგდიდის „დინამოსთან“ შეათანხმა.