„ტორპედომ“ მოგება გაიხსენა, „ლოკომოტივის“ დებიუტანტმა ეფექტური გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„ტორპედომ“ მოგება გაიხსენა, „ლოკომოტივის“ დებიუტანტმა ეფექტური გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში მე-4 ტურის კიდევ ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა – ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე „ტორპედომ“ თბილისის „ლოკომოტივი“ მიიღო და დამაჯერებლად დაამარცხა.

ქუთაისელების მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე დისკვალიფიცირებულია და მის არყოფნაში „ტორპედო“ მოედანზე შოთა ბაბუნაშვილმა გაიყვანა. ამ მატჩამდე ქუთაისელებს 4 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი ჰქონდათ გატანილი, ახლა კი მეტოქის კარი ერთდროულად 4-ჯერ აიღეს.

ანგარიში 28-ე წუთზე გიორგი კუხიანიძემ გახსნა. ამის შემდეგ მათე ცინცაძის დრო დადგა. ქუთაისელთა ნახევარმცველმა 42-ე წუთზე პენალტით „ტორპედოს“ უპირატესობა გაზარდა, ხოლო შემდეგ ორი საგოლე გადაცემა გააკეთა – 53-ე წუთზე მისი ასისტით ცოტნე ნადარაიამ ისარგებლა, ხოლო მე-60 წუთზე შორეული გადაცემით საჯარიმოში გიორგი არაბიძე დატოვა, რომელმაც ქუთაისური გუნდის ფორმით პირველად გაიტანა.


მატჩის ბოლოს ქუთაისელებმა დამშვიდდნენ და თბილისელებმა კი ორი გოლის გატანეს და სხვაობის შემცირება მოახერხეს. „ტორპედოს“ კარში თბილისელებმა პირველი გოლი შეხვედრის, ტურის და დიდი ალბათობით, პირველი წრის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი გაიტანეს. 88-ე წუთზე, გაბრიელ ხუციშვილმა კარიდან წინ გამოსული დინო ჰამზიჩი შენიშნა და დაახლოებით 30 მეტრიდან გაუტანა – ეს 20 წლის ფეხბურთელისთვის ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი იყო. საბოლოო ანგარიში 90-ე წუთზე ლაშა აწყურელმა დააფიქსირა.

ქუთაისის „ტორპედომ“ 4:2 მოიგო, 6 ტურის შემდეგ 6 ქულა დააგროვა და ეროვნულ ლიგაში ერთი საფეხურით, მე-8 ადგილზე დაწინაურდა. „ლოკომოტივი“ კი ბოლო ადგილზეა და ლიგაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულაც არ მოუპოვებია.