„ტორპედომ“ „კუკესი“ დიდი ანგარიშით დაამარცხა (ვიდეო)

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ქუთაისის „ტორპედომ“ ალბანურ „კუკესს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა.

დაპირისპირების პირველი ნახევარი ძალზედ უხვგოლიანი გამოდგა. ანგარიში მასპინძლებმა მე-3 წუთზე გახსნეს. შესანიშნავი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით კუხიანიძემ დაასრულა.

მე-15 წუთზე კუხიანიძემ დუბლი შემოგვთავაზა. ამჯერად ის ქიმაძის ჩაწოდებას გამოეხმაურა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა.

სტუმრებმა ერთი გოლი მალევე გაქვითეს. ჰარბა თითქოს მეტოქის საჯარიმოში ჩაწოდებას ცდილობდა, მაგრამ ბურთი კარისკენ წავიდა და როინ კვასხვაძე უძლური აღმოჩნდა – 2-1.

გაშვებული გოლის შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ტაიმის დასრულებამდე მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი 28-ე წუთზე მარინმა გამოიჩინა, ხოლო სამიოდ წუთში კი ქიმაძემ.

მეორე ტაიმში თამაში ორ მხრივ შეტევებში მიმდინარეობდა. ქუთაისელები მეტად ფრთხილობდნენ, ხოლო „კუკესის“ ფეხბურთელები კი გააქტიურდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო ეპიზოდი შექმნეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. მე-60 წუთზე გოლის გატანის კარგი შანსი „ტორპედოს“ თავდამსხმელ ლაჩნის მიეცა, თუმცა მან ბურთი ძელს მოარტყა. 86-ე წუთზე კაპანაძემ შესანიშნავი ინდივიდუალური გოლი შემოგვთავაზა – იგი ალბანური კლუბის სამი მცველი გასცდა, მეკარესაც გაუმკლავდა და ქუთაისელთა მორიგი გოლი გაიტანა.

მატჩის დასრულებამდე ორი წუთით ადრე მატჩის მთავარმა არბიტრმა „ტორპედოს“ კარში ძალზედ საკამათო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც პლაკუმ ზუსტად შეასრულა და საბოლოო ანგარიში 5-2 დააფიქსირა.

დარჩენილ დროში სტუმრებს კიდევ ჰქონდათ გოლის გატანის შანსი, თუმცა როინ კვასხვაძემ შესანიშნავი რეაქცია გამოავლინა და საკუთარი გუნდი გადაარჩინა.

გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრა 16 აგვისტოს გაიმართება.

UEFA-ს ევროპა ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი. პირდაპირი ტრანსლაცია.

სპორტი