„ტორპედომ“ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეოთხე წრე წაგებით დაიწყო
„ტორპედომ“ „კრისტალბეთ ეროვნული ლიგის“ მეოთხე წრე წაგებით დაიწყო

„კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში“ სეზონის მეოთხე წრე დაიწყო: 28-ე ტურის შეხვედრები ბოლნისსა და რუსთავში გაიმართა და ორივე მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.

ბოლნისის „სიონმა“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები დიმიტრი ტატანაშვილმა (19) და ლევან ხმალაძემ (52) გაიტანეს. ეს გამარჯვება „სიონს“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ძალიან სჭირდებოდა.

რუსთავის ტექნიკურ ცენტრში „რუსთავმა“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 50-ე წუთზე ბექა ქავთარაძის გოლით დაწინაურდა. ხუთ წუთში სტუმრებს ირაკლი კომახიძე გაუძევეს და „ლოკომოტივი“ კაცნაკლული დარჩა. რუსთაველებმა ამით ისარგებლეს და 74-ე წუთზე მეორეც გაიტანეს – თბილისელთა კარი ლაშა ქოჩლაძემ აიღო. სტუმრებმა მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს, ეს დავით კირკიტაძემ 81-ე წუთზე შეძლო და „სიონმა“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა.

28 ტურის შემდეგ „სიონმა“ 30 დააგროვა და მეშვიდე ადგილზეა, „ტორპედომ“ (40 ქულა) წააგო, მაგრამ რადგან მისი მდევარი „ლოკომოტივიც“ (37 ქულა) დამარცხდა, მეოთხე ადგილი შეინარჩუნა, „რუსთავი“ კი 33 ქულით მეექვსე პოზიციაზეა.

დღესვე ტურის ცენტრალური შეხვედრა ანგისას საფეხბურთო ბაზაზე გაიმართება – ლიდერი ბათუმის „დინამო“ მოქმედ ჩემპიონს, მესამეადგილოსან „საბურთალოს“ 20:00 საათზე უმასპინძლებს.