„ტორპედოდან“ ამაყი და თავაწეული მივდივარ - ქუთაისელმა გულშემატკივრებმა ჩხეტიანს მადლობა გადაუხადეს #1TVSPORT
„ტორპედოდან“ ამაყი და თავაწეული მივდივარ - ქუთაისელმა გულშემატკივრებმა ჩხეტიანს მადლობა გადაუხადეს #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბმა, „ჯუნგლები 1960“-მა მადლობა გადაუხადა კახა ჩხეტიანს, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვა. ამ წერილიდან გაირკვა, რომ ჩხეტიანი გულშემატკივრებს შეხვდა.

„მადლობა არ არის საკმარისი იმისთვის, რაც კახა ჩხეტიანმა ქუთაისისთვის, „ტორპედოსთვის” და ჩვენთვის, ფანებისთვის გააკეთა. „ტორპედოს“ ისტორიაში 11 ტიტული აქვს მოგებული და აქედან ნახევარზე მეტი, ექვსი ტიტული ჩხეტიანის დროს მოვიგეთ.

სამი ტიტული ჩხეტიანს „ტორპედოში“ ფეხბურთელობის დროს აქვს მოგებული. ლეგენდაზე მეტია ეს კაცი გუნდისთვის და ქალაქისთვის! ჯოხი ყველამ ამ კაცზე ხო გადატეხა. წავიდა და ვნახოთ რა შეიცვლება, ყველას გვინდა, რომ გუნდმა ის ფეხბურთი ითამაშოს და ის შედეგები დადოს, რასაც ეს ქალაქი იმსახურებს.

თუმცა, თუ არაფერი შეიცვლება და ყველაფერი ისევ ძველებურად გაგრძელდება, (პასუხს) ორმაგად, ათმაგად, ასმაგად და ათასმაგად მოგთხოვთ ყველას! ეს კარგად გაიაზრეთ და დაიმახსოვრეთ. მადლობა და წარმატებები ლეგენდავ“, – წერია „ტორპედოს“ გულშემატკივართა კლუბის განცხადებაში.

ფანები ჩხეტიანის კომენტარსაც აქვეყნებენ: 

„მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გუნდის ერთგული ფანები ხართ. თქვენ რომ არა, წარმატებას ვერ მივაღწევდით. ჩვენ ეს ერთად შევძელით და მე „ტორპედოდან“ ამაყი და თავაწეული მივდივარ! ყველას მინდა გთხოვოთ, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო დავუდგეთ გუნდს გვერდით. ცოტას დავისვენებ და მეც შემოგიერთდებით, მადლობა ყველაფრისთვის“.