„ტორპედო“ თურქეთში მოემზადება - მანამდე ქუთაისელები „არარატს“ შეხვდებიან #1TVSPORT
„ტორპედო“ თურქეთში მოემზადება - მანამდე ქუთაისელები „არარატს“ შეხვდებიან #1TVSPORT

ხანმოკლე პაუზის შემდეგ, კახა ჩხეტიანმა ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები შეკრიბა და ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მოსამზადებელი ეტაპი დაიწყო.

ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა გუნდის გეგმებზე კლუბის ოფიციალურ გვერდთან ისაუბრა. კახა ჩხეტიანმა განაცხადა, რომ ევროტურნირების პაუზაზე გუნდი საკონტროლო მატჩებს გამართავს.

„შევკრიბეთ გუნდი და მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ. ერთი კვირა ვიქნებით ქუთაისში, 13 ივლისს თბილისში ამხანაგურ შეხვედრას ერევნის „არარტს” ვეთამაშებით.

ერთი დღე დავისვენებთ და 15 ივლისიდან თურქეთში გავემგზავრებით, სადაც შეკრებასთან ერთად 4 ამხანაგური შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდებთან.

თურქეთიდან 27 ივლისს დავბრუნდებით. ფეხბურთელები ორი დღე დაისვენებენ და მერე ისევ მზადებას გავაგრძელებთ. 1-ელ აგვისტოს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი საქართველოში გვექნება, 7-ში საქართველოს თასის თამაში გვიწევს, 13-დან კი ეროვნული ლიგაც განახლდება და ვიმედოვნებ, გუნდი ეროვნულ ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

შეკრებაზე აქცენტი გაკეთდება ტაქტიკურ მონახაზზე და იმ ფილოსოფიაზე, რომლითაც გვინდა გუნდმა ითამაშოს. შევეცდებით ეს ყველაფერი ამხანაგურ თამაშებში დაიხვეწოს“, – ამბობს კახა ჩხეტიანი.