ტორპედო საშინაო შეხვედრებს წყალტუბოში ჩაატარებს
ტორპედო საშინაო შეხვედრებს წყალტუბოში ჩაატარებს

მომდევნო სამ საშინაო მატჩს ტორპედო წყალტუბოს 26 მაისის სახელობის სტადიონზე გამართავს – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ტორპედო – დინამო ბთ (4 მაისი)

ტორპედო – საბურთალო (14 მაისი)

ტორპედო – დილა (28 მაისი)

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე განახლება დაიწყო და ტორპედო საკუთარი არენის გარეშე დარჩა. ჯერჯერობით, გუნდი ვერც სარაგბო აია-არენაზე  შედის და იძულებულია, სხვა ქალაქებში ითამაშოს. ჩემპიონატის თამაშების ნაწილი ქუთაისელებმა სამტრედიაში გამართეს.

წყალტუბოში 26 მაისის სახელობის ცენტრალური სტადიონი ოფიციალურად 23 აპრილს გაიხსნა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სტადიონის რეაბილიტაციისთვის 456 ათასი ლარი დაიხარჯა და მოეწყო 500 კაცზე გათვლილი ტრიბუნა, დაიგო სარბენი ბილიკი, განთავსდა საპირფარეშოები და შემოიღობა სტადიონის ტერიტორია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით, შეიცვალა საფარი და მაღალი ხარისხის ბუნებრივი მინდორი დაიგო, დამონტაჟდა სადრენაჟო, სარწყავი სისტემები და ახალი ტაბლო.