„ტორპედო“ - „სარაევოს“ განმეორებითი მატჩი საქართველოს პირველ არხზე - ქუთაისელების მიზანი გამარჯვებაა [ვიდეო] #1TVSPORT

ხუთშაბათს „სარაევო“ კონფერენს ლიგის პირველი წინასწარი ტურის საპასუხო მატჩში სტადიონ „ასიმ ფერჰატოვიჩ ჰასეზე“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს.

ქუთაისში გამართული პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა, რაც ორივე გუნდს საპასუხო მატჩამდე შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსს უტოვებს.

მოსალოდნელია, რომ კოშევოში განმეორებითი მატჩი უაღრესად დაძაბული იქნება, განსაკუთრებით იმის გამო, რაც ქუთაისში მოხდა – „სარაევოს“ ფანებს ქალაქის ქუჩებში გამოვლენილი აგრესია შერჩათ, მაგრამ სტადიონზე სამართლადამცველებთან დაპირისპირება აღარ აპატიეს და ტრიბუნები დაატოვებინეს. ამის გამო ბოსნიელები – გუნდიც და გულშემატკივრებიც, „ტორპედოსთან“ თამაშს ელიან და მათ ყველა კომენტარში, პირველი შეხვედრის ინციდენტის გამო, უკმაყოფილება და შურისძიების სურვილი იკვეთება.

სამწუხაროდ, ქუთაისელებს ვერ დაეხმარება სერბი ახალწვეული ნიკოლა ნინკოვიჩი, რომელმაც „სარაევოსთან“ განმეორებით მატჩის ტრავმის გამო გამოტოვებს. ის საქართველოში დარჩა და ჯერჯერობით უცნობია, მოედანს რამდენ ხანში დაუბრუნება.

„ტორპედომ“ ბოლო ვარჯიში გამართა კოშევოს მოედანზე. საფარი შესანიშნავ მდგომარეობაშია, მაგრამ ამინდი იდეალური არ არის, რადგან ბოსნია-ჰერცეგოვინაში ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატურაა.

ვარჯიშის დაწყებამდე პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც ქუთაისელთა მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა მიზანი გამოაცხადა – „ტორპედო“ ბოსნიაში თავდაჯერებული და მკაფიო გზავნილით ჩავიდა – „სარაევო“ უნდა დავამარცხოთ“.

„სარაევოსა“ და „ტორპედოს“ საპასუხო მატჩზე 20 ივლისს 10 000-ზე მეტ მაყურებელს ელოდებიან. კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის პირდაპირი ტრანსლაციას საქართველოს პირველი არხი 22:55 საათიდან შემოგთავაზებთ.

დღესვე კონფერენს ლიგის განმეორებით შეხვედრას კიდევ ორი ქართული გუნდი გაართავს: გორში „დილა“ სლოვაკეთში 1:2-ის წაგების შემდეგ „დუნაისკა სტრედას“ 21:00 საათზე უმასპინძლებს. „ბათუმი არენაზე“ კი ბათუმის „დინამო“ „ტირანას“ მიიღებს, რომელთანაც ალბანეთში 1:1 ითამაშა. ეს შეხვედრაც 21:00 საათზე დაიწყება და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.