„ტორპედო“ პონომარმაც დატოვა
„ტორპედო“ პონომარმაც დატოვა

ქუთაისის „ტორპედო“ ვიტალი პონომარმა დატოვა. უკრაინელი თავდამსხმელი კარიერას საკუთარ სამშობლოში, პირველი ლიგის ხარკოვის „მეტალისტ 1925“-ში გააგრძელებს, – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.

გერმანული სამენეჯერო სააგენტოს ცნობით, პონომარმა ქუთაისის „ტორპედო“ ოფიციალურად დატოვა, ხარკოველებთან კონტარქტი კი 21 იანვარს გააფორმა. „მეტალისტი 1925“ რეალურად ხარკოვის „მეტალისტის“ ბაზაზე შეიქმნა. ეს გუნდი არც ისე დიდი ხნის წინ უკრაინული ფეხბურთის ლიდერებში იყო – იყო საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1988), ასევე უკრაინის ვიცე-ჩემპიონი (2013) და შვიდგზის ბრინჯაოს პრიზიორი, უკრაინის თასის გათამაშების ფინალისტი (1992). ზედიზიდ ორჯერ, 2010/2011 და 2011/2012 წლების სეზონში გუნდი ევროპის ლიგის პლეი ოფში გავიდა. მაგრამ 2015-16 წლის სეზონის დასრულების შემდეგ ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე კლუბმა პროფესიონალური საფეხბურთო კლუბის სტატუსი დაკარგა. 2016 წლის 19 აპრილს ხარკოვის „მეტალისტმა“ ფაქტობრივად შეწყვიტა არსებობა.

ვიტალი პონომარი „ტორპედოში“ 2020 წლის მარტში ჩაირიცხა. 29 წლის უკრაინელი თავდამსხმელი გუნდს ლუცკის „ვოლინიდან“ შეუერთდა. ის ხარკოველია, 17 წლის ასაკში დონეცკის „შახტარში“ მიიწვიეს, მაგრამ იჯარით დაბალი ლიგის გუნდებში თამაშობდა, უკრაინის პრემიერლიგაში კი 2015 წლიდან გამოდიოდა.

უკრაინელი ლეგიონერი პირველი იყო „ტორპედოს“ ფეხბურთელებს შორის, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ გუნდის მეპატრონეებს დავალიანება ჰქონდათ.