„ტორპედო“ კიდევ სამმა მოთამაშემ დატოვა
„ტორპედო“ კიდევ სამმა მოთამაშემ დატოვა

ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ სამი მოთამაშის წასვლა დაადასტურა. გუნდი ნოდარ ქავთარაძემ, ამბროსი ჩაჩუამ და რიჩარდ ლუკამაც დატოვეს.

„ტორპედო“ მანამდე ლევან გეგეჭკორმა დატოვა, რომელმაც კომენტარი გააკეთა:

„მადლობა „ტორპედოს“ ფანებს ყველაფრისთვის. ისინი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან და მათ მხარდაჭერას ყველა მატჩზე ვგრძნობდი. მადლობა კლუბში მომუშავე თითოეულ ადამიანს. მადლობა იმ ფეხბურთელებს, ვისთან ერთადაც ვითამაშე. განსაკუთრებული მადლობა კახა ჩხეტიანსა და მის შტაბს. ეს ის ადამიანები არიან, ვისაც „ტორპედოს“ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვით. ისინი ნამდვილი პროფესიონალები არიან და მათ წარმატებებს ვუსურვებ. მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ვტოვებ, ვრჩები ამ დიდი ოჯახის წევრად და ვიქნები ერთ-ერთი იმ მრავალი ადამიანისგან, ვისაც „ტორპედოს“ წარმატება გაუხარდება. მადლობა!“ – ამბობს გეგეჭკორი.

ქუთაისურ გუნდს მერაბ გიგაური „ფეისბუქის“ გვერდზე პოსტით დაემშვიდობა: „ჩემდა სამწუხაროდ, მოვიდა დრო, „ტორპედოს“ გულშემატკივრებს დაგემშვიდობოთ. არ იყო იოლი ამ გადაწყვეტილების მიღება და წასვლა იქიდან, საიდანაც და ვისგანაც მუდამ ვგრძნობდი მხარდაჭერას, გვერდში დგომას… მაგრამ ახალი გამოწვევების დრო მოვიდა! კარიერას უცხოეთში გავაგრძელებ, თუმცა მანამდე მსურს, მადლობა გადავუხადო მთლიანად სამწვრთნელო შტაბს და კახა ჩხეტიანს. მინდა, მადლობა გადავუხადო ქუთაისელ გულშემატკივრებს ყველა იმ წუთისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში ერთად გავატარეთ. ერთად არაერთი ტიტული მოვიპოვეთ და იმედი მაქვს, „ტორპედოს“ წარმატებული გზა უჩემოდაც გაგრძელდება. მივდივარ, მაგრამ ვრჩები თქვენს ერთ-ერთ გულშემატკივრად, რომელსაც ამ კლუბის წარმატება ყოველთვის გაუხარდება. კიდევ ერთხელ, მადლობა ყველაფრისთვის!“