„ტორპედო“ ევროზონას მიუახლოვდა - არაბიძემ ეფექტური გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
„ტორპედო“ ევროზონას მიუახლოვდა - არაბიძემ ეფექტური გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნულ ლიგაში წაუგებელ სერიას აგრძელებს. გუნდი „გაგრას“ ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა 0:2. ქუთაისელთა რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა პარაგვაელმა ახალწვეულმა, მაურო კაბალიერომ. სტუმრებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. მე-4 წუთზე, კუთხური მათე ცინცაძემ შეასრულა, საჯარიმოში ბურთს მიმართულება ნოდარ ქავთარაძემ შეუცვალა, კარის წინ კი გია მანჯგალაძე გაიხსნა და „ტორპედო“ დააწინაურა.

საბოლოო ანგარიში 90+5-ე წუთზე დაფიქსირდა. პედრო მონტეირომ ბურთი აუტის ხაზთან მოიგერია, გიორგი არაბიძემ ბურთისთვის იბრძოლა, ლამის 50 მეტრი ირბინა, საჯარიმოსთან მცველი ცრუ მოძრაობით ჩამოიშორა და ულამაზესი გოლის ავტორი გახდა 2:0 „ტორპედოს“ სასარგებლოდ.

ამ შეხვედრაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კახა ჩხეტიანმა ქუთაისის „ტორპედო“ ისევ კარგად მოამზადა – ამაზე გუნდის გამოსვლა მეტყველებს. ბოლო ექვსი შეხვედრა კლუბს არ წაუგია, 5 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 17 გოლი გაიტანა – საშუალოდ 2,8 გოლი მატჩში.

რაც მთავარია, ამ წარმატებულმა სერიამ აუტსადერებში მყოფ ქუთაისელებს 37 ქულა მოუტანა. „ტორპედო“ ხუთეულშია – მესამე და მეოთხეადგილოსნებთან, „სამგურალთან“ (42) და გორის „დილასთან“ (38) სხვაობა საგრძნობლად შეამცირა და ევროთასებისთვის ბრძოლა რეალური გახადა.

25 ტურის შემდეგ „გაგრა“ 25 ქულით კვლავ მე-9 ადგილზე დარჩა, ვერც „თელავს“ (28) დაეწია და ვერც ბოლნისის „სიონს“ (27) გადაასწრო.