„ტორპედო“-„დილას“ დაწყების დრო შეიცვალა - მიზეზი სტადიონის ტექნიკური ხარვეზებია #1TVSPORT
„ტორპედო“-„დილას“ დაწყების დრო შეიცვალა - მიზეზი სტადიონის ტექნიკური ხარვეზებია #1TVSPORT

29 ივნისს, ეროვნული ლიგის მე-20 ტურის მატჩი ზესტაფონში, დავით აბაშიძის სტადიონზე, ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ შორის დაგეგმილ დროზე ადრე გაიმართება. მიზეზი სტადიონზე არსებული პრობლემებია – ინფორმაციას „ტორპედოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შექმნილი გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზის გამო, ქუთაისის „ტორპედოსა“ და გორის „დილას“ დაპირისპირება, ნაცვლად 20 საათისა, 17:30 წუთზე დაიწყება“, – წერია ქუთაისური კლუბის განცხადებაში.

„ტორპედო“ საშინაო მატჩებს ზესტაფონში მართავს. მიზეზი ქუთაისის „რამაზ შენგელია არენაზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია. სტადიონი 2023 წელს 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს უმასპინძლებს და ამის გამო განახლება მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს „ტორპედოს“ ბოლო საშინაო მატჩია, რომელზეც მაყურებელი არ დაიშვება. ქუთაისური კლუბი „დინამო თბილისთან“ ჩაშლილი მატჩის გამო დაისაჯა. ქუთაისელი გულშემატკივრები ჩემპიონატის განახლების შემდეგ, საშინაო მატჩებზე დასწრებას შეძლებენ.

დატოვე კომენტარი