„ტორპედო“ ბუდუ ზივზივაძემაც დატოვა - თავდამსხმელი უნგრეთში ითამაშებს
„ტორპედო“ ბუდუ ზივზივაძემაც დატოვა - თავდამსხმელი უნგრეთში ითამაშებს

ბუდუ ზივზივაძე კარიერას უნგრეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 25 წლის თავდამსხმელმა „მეზოკოვედს ჟორისთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ის გუნდში სერბი თავდამსხმელის და საუკეთესო ბომბარდირის, სტეფან დრაჟიჩის ნაცვლად მიიწვიეს, რომელმაც ჩინეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში თამაში ამჯობინა.

„საბედნიეროდ, გუნდმა დრაჟიჩის შემცვლელი სწრაფად მოძებნა. დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ გუნდს შესანიშნავი სტატისტიკის მქონე თავდამსხმელი შეუერთდა – 25 წლის ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ოთხჯერ ითამაშა, საკუთარ ქვეყანაში ბომბარდირი ორჯერ გახდა და მიმდინარე სეზონზეც ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა“, – წერს „მეზოკოვედს ჟორის“ ოფიციალური გვერდი.

თავდამსხმელი უნგრეთის კლუბამდე თამაშობდა თბილისის „დინამოში, „სამტრედიაში“, ასევე იყო დანიური „ესბიერგის“ მოთამაშე. ბოლოს ქუთაისის „ტორპედოს“ რიგებში ირიცხებოდა.

უნგრული კლუბის ცნობით, ზივზივაძე გუნდს უკვე შეუერთდა. სადებიუტო შეხვედრას კი ამხანაგურ შეხვედრაში უკრაინული „მინაის“ წინააღმდეგ შაბათს ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ზივზივაძე ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად ევროპის ლიგაზე სათამაშოდ ყაზახეთში არ გაემგზავრა და გუნდს „ორდაბასთან“ არ ეხმარებოდა. მიზეზად კი ტრავმა დასახელდა. ის მე-13 მოთამაშეა, რომელმაც ზაფხულში ქუთაისური კლუბი დატოვა.