თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ სტუმრად დამარცხდა - „მილანი“ სერიაში კვლავ დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT

ბოლონიის „ვირტუსმა“ იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის მეხუთე მატჩი „მილანთან“ სტუმრად ჩაატარა და 72:79 დამარცხდა.

ოთხი თამაშის შემდეგ სერიაში ანგარიში თანაბარი (2:2) იყო. პირველი მეოთხედი ბოლონიელებმა ორი ქულით წააგეს, მატჩის მეორე ათწუთეულში „მილანმა“ უპირატესობა კიდევ გაზარდა და დიდ შესვენებამდე ხუთქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

„ვირტუსს“ თამაშის გადარჩენა ბოლო მეოთხედში შეეძლო, ერთ ეპიზოდში ანგარიშში სხვაობა ორ ქულამდეც შეამცირა, მაგრამ საბოლოოდ „მილანმა“ მაინც მოახერხა დაძაბული შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა და სერიაში კვლავ დაწინაურდა 3:2.

თორნიკე შენგელიამ მოედანზე 21 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა.

სერიის მეექვსე შეხვედრა 21 ივნისს ბოლონიაში გაიმართება. „მილანს“ ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს. მომდევნო მატჩში ანგარიშის გათანაბრების შემთხვევაში გადამწყვეტი შეხვედრა მილანში გაიმართება.