თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი - „ბასკონიამ“ მოსკოვში წააგო
თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი - „ბასკონიამ“ მოსკოვში წააგო

საკალათბურთო „ევროლიგის“ გათამაშების რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. 23-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბასკონია“ სტუმრად „ცსკა“-ს დაუპირისპირდა.

სამი მეოთხედის განმავლობაში, თანაბარი თამაში მიმდინარეობდა. ბოლო ათწუთიანი მონაკვეთის წინ, ანგარიში თანაბარი 71-71 იყო. დასკვნითი პერიოდი მოსკოვურმა კლუბმა 22-15 მოიგო და საბოლოოდ 93-86 გაიმარჯვა.

სტუმართა ქართველმა კაპიტანმა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. შენგელიამ 28 წუთში: 12 ქულა, 10 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. აღნიშნული ორმაგი დუბლით, ქართველი მძიმე ფორვარდი ვიტორიელთა შემადგენლობაში მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით (25) ჯეისონ გრეინჯერთან ერთად, საუკეთესო გახლდათ.

ამერიკელი მსროლელის მონაგარმა 26 ქულა შეადგინა. „ცსკას“-ს უილ კლაიბერნმა ულიდერა 19 ქულით. სერხიო როდრიგესის ანგარიშზე 17 ქულა დაფიქსირდა.

რუსულმა კლუბმა, ამ გამარჯვების შემდეგ, სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარა.

რაც შეეხება ბასკონიას, პედრო მარტინესის გუნდი ამ მომენტისთვის საპლეიოფო ზონაში არ იმყოფება. მომდევნო ტურში ბასკები, საკუთარ მოედანზე კიდევ ერთ რუსულ გუნდს „ხიმკის“ უმასპინძლებენ.