თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი ევროლიგაზე - „ვირტუს ბოლონიამ“ „ეფესი“ დაამარცხა #1TVSPORT
თორნიკე შენგელიას მორიგი შედეგიანი მატჩი ევროლიგაზე - „ვირტუს ბოლონიამ“ „ეფესი“ დაამარცხა #1TVSPORT

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონიამ“ ევროლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში „ანადოლუ ეფესს“ უმასპინძლა და მეტოქე 93:81 დაამარცხა.

მატჩის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ევროლიგის ოქტომბრის თვის უძვირფასესი კალათბურთელისთვის განკუთვნილი სპეციალური ჯილდო ჩაიბარა. თორნიკე შენგელია გასულ თვეში, საშუალოდ, 18.4 ქულას, 4.8 მოხსნასა და 4 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.

რაც შეეხება „ეფესთან“ შეხვედრას, „ვირტუს ბოლონიამ“ პირველი ტაიმი 41:45 დათმო. ლუკა ბანკის გუნდმა თავისი თამაში მესამე მეოთხედში იპოვა, რომელიც 28:17 მოიგო. შენგელიას გუნდს ლიდერობა ხელიდან არც უკანასკნელ მეოთხედში გაუშვია.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 31:11 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 6 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა დააგროვა. ქულათა მაჩვენებლით ის ორივე გუნდში საუკეთესო იყო.

ამ მომენტისთვის ევროლიგაზე „ვირტუს ბოლონიას“ ხუთი გამარჯვება და ერთი მარცხი აქვს, ამ შედეგით კი მესამე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ბოლონიელები ლიდერობენ იტალიის ჩემპიონატს, ხოლო თორნიკე შენგელია Lega A-შიც გასული თვის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელეს.