თორნიკე შენგელიას 22 ქულა იტალიის ჩემპიონატის ფინალში - „ვირტუსმა“ სერიაში ანგარიში გაათანაბრა [ვიდეო] #1TVSPORT

ბოლონიის „ვირტუსმა“, სადაც საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია თამაშობს, იტალიის ჩემპიონატის ფინალური სერიის პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე წააგო „მილანთან“. ბოლონიელები მეორე შეხვედრასაც შინ ატარებდენენ და უკან დასახევი გზა, ფაქტობრივად, მოჭრილი ჰქონდათ, მეორე წაგება მათ მდგომარეობას გვარიანად გაართულებდა (იტალიის ჩემპიონის გამოსავლენად სერია 3 მოგებამდეა).

შესაბამისად, ბოლონიელები უაღესად მოტივირებულნი გამოვიდნენ სათამაშოდ, თუმცა პირველი მეოთხედი მათთვის სახარბიელოდ ვერ წარიმართა – 18:23 წააგეს. მასპინძლებმა თამაშის ხარისხი მეორე მეოთხედიდან გამოასწორეს, დარჩენილი სამივე მეოთხედი მოიგეს, საბოლოოდ მეტოქე 75:68 დაამარცხეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს 1:1.

რაც შეეხება თორნიკე შენგელიას თამაშს, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ორივე გუნდში ყველზე შედეგიანი გახლდათ. თორნიკემ მოედანზე 31 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 8 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება მოაგროვა და სრულიად სამართლიანად გახდა შეხვედრის MVP.

მატჩის შემდეგ „ვირტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა სერხიო სკარიოლომ სხვა საკითხებთან ერთად, თორნიკე შენგელიაზეც ისაუბრა:

„შეხვედრის დასაწყისში ცოტა ვინერვიულეთ. მოედნიდან თორნიკე შენგელიას გაყვანა მომიწია, რათა ის დამშვიდებულიყო, დაესვენა და საკუთარი თავის რწმენა დაებრუნებინა, ამან საბოლოოდ გაამართლა. ასეთი რამ ხდება ხოლმე, მოთამაშე კარგად ვერ ერთვება თამაშში, მაგრამ შემდეგ საუკეთესო მატჩს ატარებს. საერთო ჯამში დღევანდელ დღეს გუნდის თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ“.

მომდევნო მატჩი 12 ივნისს, მილანში გაიმართება.