თორნიკე შენგელიას 19 ქულა და „ბასკონიას“ მარცხი მილანში
თორნიკე შენგელიას 19 ქულა და „ბასკონიას“ მარცხი მილანში

„ევროლიგის“ გათამაშებაზე, პრინციპული თამაში წააგო „ბასკონიამ“. თორნიკე შენგელიას გუნდი, მე-13-ე ტურში, მილანში, ადგილობრივ „ოლიმპიას“ დაუპირისპირდა. სტუმრები, თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდნენ და დასკვნითი მეოთხედის სტარტზე, 25 ქულას აგებდნენ. ბასკონიელებმა, ჯერ 14-0 გაქცევა გააკეთეს, ხოლო თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე, 5 ქულის სხვაობამდე მიახლოვებაც შესძლეს, თუმცა მცირე საკალათბურთო სასწაულამდე, პედრო მარტინესის გუნდს ცოტა დააკლდა და 85-92 დამარცხდა. „ბასკონიას“ ქართველმა კაპიტანმა, ძირითად ხუთეულში დაიწყო შეხვედრა და 28 წუთში: 19 ქულა და 4 მოხსნა გააკეთა. თორნიკემ, 10 დან 8 ორქულიანი და 6 დან 3 საჯარიმო ტყორცნა გამოიყენა. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით,(26) შენგელია ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო გახლდათ. ამ წაგების შემდეგ, „ბასკონია“ გათამაშების ცხრილში 6 მოგებით და 7 მარცხით, მე-9-ე პოზიციაზე იმყოფება.

გუშინვე, ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, პირეოსის „ოლიმპიაკოსმა“ საკუთარ დარბაზში, მოსკოვის „ცსკა“ ანგარიშით 88-86 დაამარცხა.