თორნიკე შენგელიას 16-მა ქულამ „​ბასკონიას“ ვერ უშველა
თორნიკე შენგელიას 16-მა ქულამ „​ბასკონიას“ ვერ უშველა

საკალათბურთო ევროლიგაზე გაგრძელდა პლეი ოფი. მეოთხედფინალური სერიის პირველი მატჩი ჩაატარა თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” – ის სტუმრად თამაშობდა მოქმედ ჩემპიონ “ფენერბაჰჩესთან”.

თურქული გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში უკეთ გამოიყურებოდა. “ბასკონია” მხოლოდ ერთხელ იყო წინ, როცა გახსნა ანგარიში და 2:0 დაწინაურდა. “ფენერბაჰჩემ” პირველივე მეოთხედში 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, დიდი შესვენებისთვის კი 17 ქულით იგებდა. “ბასკონიამ” მაქსიმუმი რაც მოახერხა – სხვაობის 7 ქულამდე შემცირება იყო. თურქებმა 82:73 მოიგეს და წაიყვანეს სერიაში ანგარიში – 1:0.

თორნიკე შენგელიამ 24 წუთსა და 52 წამში 16 ქულა (4/10 – ორქულიანი, 0/1 – სამქულიანი, 8/8 – საჯარიმო), 6 მოხსნა (4 – შეტევაში) და 2 პასი დააგროვა. ასევე 16 ქულა ჰქონდა “ფენერბაჰჩეს” რიგებში ბრედ უონამეიკერს.

სერიის მეორე მატჩი ისევ სტამბოლში 20 აპრილს გაიმართება.

ასევე დაიწყო სერია “ოლიმპიაკოსსა” და “ჟალგირისს” შორის. ლიტვურმა კლუბმა სენსაციურად მოიგო პირველი მატჩი სტუმრად 87:78. მას ამისთვის ოვერტაიმი დასჭირდა.