თორნიკე შენგელია - თანაგუნდელთან არასოდეს მიჩხუბია
თორნიკე შენგელია - თანაგუნდელთან არასოდეს მიჩხუბია

რუსული „სპორტ-ექსპრესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით (რომელიც მოგვიანებით eurohoops.net-ზეც გამოქვეყნდა) მოსკოვის ცსკა-ს ვარჯიშზე გუნდის ამერიკელმა ლეგიონერმა მაიკ ჯეიმსმა და თორნიკე შენგელიამ იჩხუბეს, რის გამოც ამერიკელი კალათბურთელი (ვისთვისაც, როგორც ირკვევა, ეს თანაგუნდელებთან კონფლიქტის პირველი შემთხვევა არ ყოფილა) გუნდიდან მოკვეთეს. ამ ინცინდეტზე თორნიკე შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა:

„იძულებული ვარ, კომენტარი გავაკეთო გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მე და მაიკ ჯეიმსმა ვიჩხუბეთ. სიმართლე გითხრათ, არ მსიამოვნებს როდესაც ჩემს შესახებ ასეთ გადაუმოწმებელ ამბებს ვკითხულობ, რომელიც ახლოსაც არ არის რეალობასთან. ცხოვრებაში თანაგუნდელთან არ მიჩხუბია. მეგობრულად მინდა გთხოვოთ, სანამ რამეს დაწერთ, გადაამოწმეთ ინფორმაცია და ისე მიიტანთ საზოგადოებამდე. თქვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია ადამიანების რეპუტაციაზე მოქმედებს. გთხოვთ, ისე ნუ გაიგებთ, რომ მე ჟურნალისტების მიმართ უპატივცემულობას ვამჟაღავნებდე, პირიქით. უბრალოდ, კარგი იქნება, თუ მომავალში გავრცელებამდე ინფორმაციას კარგად გადაამოწმებთ.“

თოკოსთან კონფლიქტი ჯეიმსმაც უარყო:

„საკმარისია! გეყოფათ, ყველაფერს საზღვარი აქვს! შეწყვიტეთ ამდენი სიბინძურის წერა! თქვენი ტექსტიდან ისე ჩანს, რომ მე თოკოსთან ჩხუბი მსურდა. კარგი იქნება, სანამ რამეს დაწერთ, უკეთ გაერკვეთ ვითარებაში“.

მოგვიანებით, Eurohoops-მა ჯეიმსს გუნდიდან მოკვეთის მიზეზებზე საუბარი მოსთხოვა, რაზეც კალათბურთელის პასუხი იყო, რომ პირადად შეხვდება ჟურნალისტს და დაელაპარაკება.

 

სიმბოლურში

eurohoops.net-მა „ალბასთან“ ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, ქართველი ფორვარდი ევროლიგის XXII ტურს სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა:

ცსკა-მ „ალბასთან“ შეხვედრა (71:68) თავისი ლიდერების მაიკ ჯეიმსისა (დისკვალიფიკაცია) და უილ კლაიბერნის (ტრავმა) გარეშე ჩაატარა. მათ არყოფნაში ლიდერობა ღირსეულად იკისრა თორნიკე შენგელიამ. ქართველი 20 ქულით მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამასთან, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ცსკა-ს გამარჯვებაში. გადამწყვეტი აღმოჩნდა მის მიერ შეხვედრის ბოლოს ჩაგდებული ორი საჯარიმო იმ მომენტში, როცა ცსკა „ალბას“ მხოლოდ ერთი ქულით უგებდა“ – წერს გამოცემა თოკოს თამაშზე.

მიმდინარე სეზონში შენგელია ევროლიგის სიმბოლურ ნაკრებში პირველად მოხვდა. აქვე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ტურის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი დასახელდა, რომელიც ამჟამად „ფენერბაჰჩეს“ უდგას სათავეში.