თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ლიგის სეზონის „უძვირფასესი მოთამაშის“ ტიტულის მოგების ერთ-ერთი კანდიდატია #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვირტუს ბოლონიის“ ერთ-ერთი ლიდერი თორნიკე შენგელია იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის სეზონის „უძვირფასესი მოთამაშის“ ჯილდოზეა ნომინირებული.
ლიგის საუკეთესო მოთამაშეს ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარე გამოკითხვის შედეგად გამოავლენენ, რომელიც დღეს, 9 მაისს დაიწყო და 16 მაისს დასრულდება.
MVP-ს ტიტულისთვის ხუთი კალათბურთელი იბრძვის:
თორნიკე შენგელია („ვირტუს ბოლონია“)
მირინო ბილანი („ბრეშა“)
ენტონი ლამი („ტრენტო“)
ჯეი დი ნოტაე („ტრაპანი“)
ჯასტინ რობინსონი („ტრაპანი“)

იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურმა გვერდმა თორნიკე შენგელია ასე დაახასიათა:
„შენგელია ყოველწლიურად უმაღლეს დონეზე ასპარეზობს. სუპერვარსკვლავის სტატუსის მიუხედავად, ის მუდმივად ცდილობს, უკეთესი გახდეს. 1991 წელს დაბადებული ქართველი კალათბურთელი თავისი თანმიმდევრულობითა და შრომისმოყვარეობით, ზედიზედ მეორე წელია, ლიგის „უძვირფასესი მოთამაშის“ ჯილდოსთვის იბრძვის.
ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში შეძენილმა გამოცდილებამ შენგელიას საშუალება მისცა, იდეალურად მორგებოდა მთავარი მწვრთნელის მოთხოვნებს. მან ზოგ შეხვედრაში ენერგია დაზოგა, როცა მატჩი უკვე მოგებული იყო, ხოლო დაძაბულ დაპირისპირებებში გადამწყვეტი როლი ითამაშა. სეზონის განმავლობაში ის მონაცვლეობით ასრულებდა როგორც ძირითადი ხუთეულის ლიდერის, ისე სათადარიგოთა სკამიდან შემოსული „საიდუმლო იარაღის“ როლს და ორივე ამპლუაში უშეცდომო იყო.
მისმა სტაბილურმა თამაშმა განაპირობა ის, რომ ბოლონიელები სერია A-ს პირველ ადგილზე ასრულებენ“.
ქართველი კალათბურთელი სეზონის მანძილზე, საშუალოდ, მატჩში მოედანზე 24.8 წუთს ატარებს, ხოლო მის ანგარიშზე 14.4 ქულა, 5.7 მოხსნა და 2.9 შედეგიანი გადაცემაა. თორნიკე შენგელიასთვის ხმის მიცემა იტალიის ჩემპიონატის ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ – legabasket.it
გამოკითხვაში გამარჯვებულის ვინაობა 21 მაისს გახდება ცნობილი.