თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა, – ინფორმაციას Lega A-ს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

თორნიკე შენგელიასთვის მიმდინარე სეზონი ერთ-ერთი საუკეთესოა საკლუბო კარიერაში. „ვირტუს ბოლონიის“ ფორვარდი ოქტომბერში იტალიის ჩემპიონატისა და ევროლიგის MVP-ი გახდა.

შენგელიასთან ერთად იტალიის უმაღლესი ლიგის ნოემბრის თვის „ოცნების გუნდში“ კრის დაუ („ტორტონა“), ტომისლავ ზუბჩიჩი („ნაპოლი“), ჯეიკობ პულენი („ნაპოლი“) და პეიტონ უილისი („პისტოია“) შეიყვანეს. შეგახსენებთ, რომ ჯეიკობ პულენი საქართველოს ნაკრების ღირსებასაც იცავდა.

„ვირტუს ბოლონიამ“ ნოემბერში იტალიის Lega A-ში ოთხი შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც ორი მოიგო, ხოლო ორში დამარცხდა. ამჟამად შენგელიას გუნდი ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.