თორნიკე შენგელია - ევრობასკეტამდე მცირე შიში მქონდა, თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ #1TVSPORT
„ბარსელონას“ ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ კლუბის არხთან მოახლოებული საკლუბო სეზონის შესახებ ისაუბრა.
ქართველი კალათბურთელის თქმით, „ბარსას“ მიმდინარე შემადგენლობა აერთიანებს გამოცდილ სპორტსმენებსა და ტალანტებს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკუთარ ჯანმრთელობაზეც გააკეთა კომენტარი. ევრობასკეტამდე მას გულის არითმია აღმოაჩნდა.
„გუნდში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, ასევე გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდებიც. ჩვენი ამოცანაა, ამ ორ ძალას შორის ბალანსი ვიპოვოთ და წარმატებისთვის გამოვიყენოთ.
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას, ევრობასკეტამდე მცირე შიში მქონდა, თუმცა ახლა თავს კარგად ვგრძნობ. ტურნირმა აჩვენა, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა აღარ მაქვს“, – აღნიშნა შენგელიამ.
34 წლის ქართველი კალათბურთელი „ბარსელონას“ „ვირტუს ბოლონიიდან“ შეუერთდა. ესპანურ გრანდთან მას სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.