თორნიკე შენგელია ესპანეთის ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის იბრძვის (ვიდეო)

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი თორნიკე შენგელია ესპანეთის „ლიგა ენდესას“ ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის. ლიგამ 16 კალათბურთელი გამოარჩია, რომლებიც პლეი-ოფის სისტემით მერვედფინალში დააწყვილა და გულშემატკივრებში გამოკითხვას ჩაატარებს.

შეგახსენებთ, რომ შენგელიას თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი, 2014-დან 2020 წლამდე სწორედ „ლიგა ენდესაში“ გაუტარებია და ესპანური კარიერა ჩემპიონობით დაასრულა. მიმდინარე სეზონის წინ შენგელია მოსკოვის ცსკა-ში გადავიდა.

მერვედფინალში მოთამაშეები ასე დაწყვილდნენ: ნიკოლა მიროტიჩი-მარსელინიო უერტასი, რუდი ფერნანდესი-ფაკუნდო კამპაცო, სერხიო როდრიგესი-ლუკა დონჩიჩი, ფელიპე რეიესი-ფრან ვასკესი, ჯეისი კეროლი-თორნიკე შენგელია, ხუან კარლოს ნავარო-ანტე ტომიჩი, ბოიან დუბლევიჩი-ვალტერ ტავარესი, სერხიო ლული-ფერნანდო სან ემეტერიო.

ესპანეთის ჩემპიონატის „ტვიტერის“ გვერდზე თითოეული წყვილისთვის თითო დღეა გამოყოფილი. შენგელიასა და კეროლს შორის გამარჯვებული 11 იანვარს უნდა გაირკვეს, ხმის მიცემა კი თბილისის დროით 13 საათზე დაიწყო. ამ წყვილში გამარჯვებულს ნავაროსა და ტომიჩს შორის საუკეთესოსთან დაპირისპირება ელის. ვირტუალურ ბრძოლაში მეოთხედფინალები 19-22 იანვარსაა დაგეგმილი, ნახევარფინალები – 25-26 იანვარს, საუკეთესოს ვინაობას კი 28 იანვარს შევიტყობთ.

ცნობისთვის, შენგელიას „ვალენსიასა“ (2008-09 წლების სეზონი) და „ბასკონიას“ მაისურით ესპანეთის ჩემპიონატში 182 მატჩი აქვს ჩატარებული და მის აქტივში 2 227 ქულაა. თორნიკეს საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 23.0 წუთი, 12.2 ქულა, 4.8 მოხსნა, 1.7 პასი, სარგებლიანობის კოეფიციენტი 14.3.