თორნიკე შენგელია - გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა პუნქტმა, რომ ნაკრებში ნებისმიერ დროს ჩამოვალ
თორნიკე შენგელია - გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა პუნქტმა, რომ ნაკრებში ნებისმიერ დროს ჩამოვალ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა „ბასკონიიდან“ მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე.

„ჩემი სპორტული ამბიციაა, რომ მუდამ წარმატებული ქართველი სპორტსმენი ვიყო – საკლუბო და მითუმეტეს, სანაკრებო დონეზე. მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ორივე ამბიციას გავუსვი ხაზი – იქიდან გამომდინარე, რომ ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებ და იქიდან გამომდინარეც, რომ ნებისმიერ დროს შევძლებ ნაკრებში ჩამოსვლას“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან თორნიკე შენგელია.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ გაფორმებული კონტრაქტი ნაკრებში ჩამოსვლაში ადრინდელივით  ხელს არ შეუშლის და ეს მისთვის გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი გახდა.

„ჩემთვის, როგორც ნაკრების კაპიტნისთვის ძალიან რთული იყო სახლიდან იმის ყურება, საქართველოს ნაკრები რომ თამაშობდა, მე კი კლუბი არ მიშვებდა. გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი ითამაშა ხელშეკრულების ამ პუნქტმა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ნაკრებში ნებისმიერ დროს შემიძლია ჩამოვიდე.

მოგეხსენებათ, ფიბა-სა და ევროლიგას შორის დიდი დაპირისპირებაა და ევროლიგის მოთამაშეებს ეროვნულ ნაკრებებში თამაშის საშუალება არ ეძლევათ. პირადად მე კი, კონტრაქტის მიხედვით, ამ საკითხზე პრობლემა არ შემექმნება. არ მინდა, რომ ეს თავის მართლებად მიიღონ, მაგრამ ეს იყო ამოსავალი პუნქტი, მოსკოვის გუნდთან მოლაპარაკება რომ გამეგრძელებინა“, – აცხადებს საქართველოს პირველ არხთან თორნიკე შენგელია.