თორნიკე შენგელია ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშის ნომინანტთა შორისაა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიას“ კალათბურთელი თორნიკე შენგელია ევროლიგის ბოლო ათწლეულის საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა ნომინირებული.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკალათბურთო ტურნირი ბოლო დეკადის საუკეთესო მოთამაშეებს ავლენს. მიუხედავად იმისა, რომ მატჩების რაოდენობით ევროლიგაში 93-ე ადგილზეა, ხოლო წუთების მიხედვით 72-ე (ნაწილობრივ ტრავმის გამო), შენგელია სარგებლიანობის მაჩვენებლით, ქულებითა და მოხსნებით 40-ეულშია.

„საშუალო მაჩვენებლები კიდევ უფრო უკეთესია: ბოლო 10 წელიწადში თოკო საუკეთესო 15-ეულშია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ „ბასკონია“ ცნობილ გუნდად ექცია“, – წერს ევროლიგის ვებგვერდი.

მიმდინარე სეზონზე თორნიკე საშუალოდ 28:24 წუთში 17.4 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.4 პასს, 0.6 ჩაჭრას და 0.9 დაფარებას აგროვებს. მთლიანობაში ევროლიგურ კარიერაში შენგელიას სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 126 თამაში, 1444 ქულა (საშუალოდ თამაშში 11.5), 618 მოხსნა (4.9), 95 ჩაჭრა (0.8), 195 პასი (1.5), 61 დაფარება (0.5).