თორნიკე შენგელია „ბასკონიას“ ემშვიდობება და ცსკა-ს კალათბურთელი ხდება
ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია თავის ახლა უკვე ყოფილ გუნდს, ესპანურ „ბასკონიას“ ემშვიდობება და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე საკმაოდ ვრცელ წერილს აქვეყნებს.
„არ ვიცი, საიდან დავიწყო და მგონია, რომ, რაც არ უნდა ვთქვა, მაინც ვერ გამოვთქვამ ბოლომდე, რას ვგრძნობ ამ ქალაქისა და ამ ხალხის მიმართ. პირველივე დღიდან მიმიღეთ, როგორც ერთ-ერთი თქვენგანი და მაგრძნობინეთ დიდი სიყვარული როგორც მე, ასევე ჩემს ოჯახს“, – წერს შენგელია – „მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს თანაგუნდელს და მწვრთნელს, რომლებთან ერთადაც ბოლო ექვსი წელი გავატარე. „ვიტორია“ მუდამ ჩემს გულში იქნება“.
შეგახსენებთ, რომ შენგელია კარიერას მოსკოვის „ცსკა“-ში გააგრძელებს და ამის შესახებ ინფორმაცია რუსული არმიის გუნდმა უკვე ოფიციალურად გამოქვეყნა. მოსკოვური გუნდი შენგელიას სიტყვებსაც აქვეყნებს:
„ბედნიერი ვარ, რომ ევროლიგის მოქმედ ჩემპიონებს ვუერთდები და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ თამაშს არაჩვეულებრივ კალათბურთელებთან ერთად და არაჩვეულებრივი სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით“, – მოჰყავს შენგელიას სიტყვები „ცსკა“-ს ოფიციალურ გვერდს.