თორნიკე შენგელია - ამაყი ვარ ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით #1TVSPORT
თორნიკე შენგელია - ამაყი ვარ ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შესახებ კომენტარი საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ გააკეთა.

„სასწაული მატჩი იყო, მით უმეტეს საფრანგეთის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებად ითვლება. შეხვედრამდე თითქოს ის განცდა გვქონდა, რომ მთავარი მიზანი უკვე მიღწეული იყო – პლეი ოფში გასვლა, მაგრამ უშუალოდ მატჩის წინ გუნდში ერთმანეთს ვესაუბრეთ და მწვრთნელმაც შეგვახსენა, რომ გამარჯვებისთვის უნდა გვეთამაშა.

ბედნიერები ვართ, რადგან პირველიდან ბოლო წუთამდე თავდაუზოგავად ვიბრძოლეთ და გამარჯვების იმედი არცერთ წამს არ დაგვიკარგავს. შესვენების შემდეგ ვიცოდით, რომ მაქსიმალური კონცენტრაცია იყო საჭირო, რადგან საფრანგეთი ბოლომდე იბრძოლებდა. მადლობა ღმერთს, რომ ამ გამოწვევას ღირსეულად გავუძელით.

ამაყი ვარ ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით, მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო – მათ შორის სათადარიგოთა სკამზე მყოფებსაც, რომელთა ემოცია და მხარდაჭერა იგრძნობოდა. სწორედ ამიტომ ხშირად ვიღებთ ტექნიკურ ჯარიმებსაც. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ როგორ გვიხარია ერთმანეთის წარმატება.

დღეს ბურთი კარგად მოძრაობდა, დაცვაში მყარად ვიდექით, გოგა შესანიშნავი იყო, უკანა ხაზი საიმედოდ გამოიყურებოდა და პირადად ჩემთვისაც ერთ-ერთი საუკეთესო თამაში გამოვიდა. ვიცი, ამ ტურნირზე არასტაბილური მატჩები მქონდა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგად დასრულდა“, – აღნიშნა შენგელიამ.

საქართველოს ეროვნული გუნდი მეოთხედფინალში ფინეთს შეხვდება, შეხვედრა 10 სექტემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ ეთერში პირველი არხი შემოგთავაზებთ.