თორნიკე რიჟვაძე - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და დესტრუქციული ძალების ქმედებებმა წარმატებულ ტურისტულ სეზონს ზიანი მიაყენა
თორნიკე რიჟვაძე - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და დესტრუქციული ძალების ქმედებებმა წარმატებულ ტურისტულ სეზონს ზიანი მიაყენა

მაისისა და ივნისის მზარდი დინამიკა და მონაცემები იძლეოდა გარანტიას, რომ წელს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი გვქონოდა, თუმცა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და დესტრუქციული ძალების ქმედებებმა წარმატებულ ტურისტულ სეზონს ზიანი მიაყენა, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

„მაისსა და ივნისში აჭარაში გვქონდა ტურისტული სეზონის პიკი, რასაც მოწმობს ტურისტული ნაკადების დინამიკა, რომელიც იყო როგორც აეროპორტის, ისე საზღვრის კვეთის მიმართულებით. ივნისში დაფიქსირდა 38 პროცენტიანი ზრდა საზღვრის კვეთიდან გამომდინარე და 41 პროცენტიანი ზრდა აეროპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მოწმობს, რომ ჩვენ გვექნებოდა ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ, ამის პარალელურად, მუდმივი შტურმი, მუდმივი ქაოსის შექმნის მცდელობა, მუდმივი არეულობის მცდელობა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა გარკვეულ შედეგებს და გარკვეულ ზიანს მიაყენებდა ამ ძალიან წარმატებულ ტურისტულ სეზონს. სწორედ ამიტომ, ბუნებრივია, ოპონენტები ყოველთვის ცდილობენ, ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში. მაგრამ, ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა გავაკეთებთ ყველაფერს, რომ შევინარჩუნოთ ის დინამიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად დაგეგმილია სპეციალური ღონისძიებები აგვისტოში ტურისტული დინამიკის შესანარჩუნებლად.

„ცენტრალურ მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ, რომ ოჯახებს, რომლებიც სეზონური სესხების გადახდის ნაწილში, ასევე დასაქმების ნაწილში დაზარალდნენ, მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ. აგვისტოში ვატარებთ ძალიან კომპლექსურ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის გამოსწორებას, მიზნად ისახავს არსებული ნიშნულის შენარჩუნებას. ჩვენი ყველას საერთო ამოცანა არის, რომ აჭარაში ტურისტული სეზონი ჩატარდეს წარმატებით და არავის მივცეთ საშუალება, მოახდინოს ჩვენი მოქალაქეების, ოჯახების, მათი ეკონომიკური ინტერესების დაზიანება და ის დამაზიანებელი დღის წესრიგი, რაც აქვთ ოპონენტებს, ჩვენს მოქალაქეებზე ვერ აისახება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.