თორნიკე ძოწენიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
„მიხალოვცეს“ ცენტრალური მცველი თორნიკე ძოწენიძე სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
მთელი სეზონის განმავლობაში სპორტულ-ანალიტიკური ინტერნეტგვერდი „ფლეშსკორი“ ფეხბურთელებს შეფასებებს უწერს, რომლის მიხედვითაც, ძოწენიძის საშუალო შეფასება 7.2 ქულა იყო, ის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სამჯერ დაასახელეს. ყველაზე მაღალი შეფასება კი (8,7 ქულა) ბოლოსწინა ტურში, „დუნაისკა სტრედასთან“ მოგებულ შეხვედრაში (2:1) მიიღო.
ივნისის სანაკრებო მატჩებამდე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე კომენტარი ძოწენიძეზეც გააკეთა: „ძოწენიძემ სლოვაკეთში ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. ახლა რომ არ არის სანაკრებო სიაში, არ ნიშნავს, რომ არ ვაკვირდებით. თუ ასევე გააგრძელებს შრომასა და განვითარებას, აუცილებლად მოვიწვევთ“.