თორნიკე ახვლედიანმა „დინამო“ დატოვა #1TVSPORT
თორნიკე ახვლედიანმა „დინამო“ დატოვა #1TVSPORT

თორნიკე ახვლედიანმა „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი გაწყვიტა – ამის შესახებ 22 წლის თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მადლობა მინდა გადავუხადო „დინამო თბილისს“ და მის ყველა გულშემატკივარს ყველაფრისთვის. გმადლობთ ნდობისთვის, დიდი გამოცდილებისთვის და იმ პერიოდისთვის, რომელიც თქვენთან ერთად გავატარე. ყველაფერ საუკეთესოს და ყოველთვის წარმატებებს გისურვებთ“, – წერს თორნიკე ახვლედიანი.

22 წლის თავდამსხმელი „დინამოში“ 2020 წელს გადავიდა, ხოლო წლეულს ქუთაისის „ტორპედოში“ იჯარით თამაშობდა და ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში დიდი როლი ითამაშა. ის მარტვილის „მერანთან“ პლეი ოფის მატჩის გმირი გახდა.

დიდი ალბათობით, ახვლედიანი „ტორპედოსთან“ სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს, რადგან მცირე ხნის წინ საქართველოს პირველ არხთან აცხადებდა, რომ თუ „ტორპედო“ „დინამოდან“ ტრანსფერს გამოისყიდის, ქუთაისურ კლუბთან ორწლიან კონტრაქტს მოაწერდა ხელს.

„ჩემი საიჯარო ხელშეკრულება „დინამოსთან“ ქუთაისის „ტორპედომ“გამოსყიდვის უფლებით გააფორმა. უახლოეს დღეებში ამის შესახებ გუნდის ხელმძღვანელს შევხვდები და „დინამოდან“ ჩემი ტრანსფერის გამოსყიდვაზე დავილაპარაკებთ. თუ „ტორპედო“გამოსასყიდ ფულს გადაიხდის, მაშინ გუნდთან ერთ ან ორწლიან კონტრაქტს გავაფორმებ. იმედია, „დინამო“ პრობლემას არ შემიქმნის“, – აცხადებს თორნიკე ახვლედიანი საქართველოს პირველ არხთან.