თორნიკე ახვლედიანი - „ტორპედოში“ სადებიუტო გოლი ორმაგად მნიშვნელოვანი იყო #1TVSPORT
თორნიკე ახვლედიანი - „ტორპედოში“ სადებიუტო გოლი ორმაგად მნიშვნელოვანი იყო #1TVSPORT

თორნიკე ახვლედიანმა ქობულეთის „შუქურასთან“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და ქუთაისის „ტორპედოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

22 წლის თავდამსხმელისთვის, რომელიც „დინამო თბილისიდან“ გუნდში ზაფხულში გადავიდა, ეს გოლი ახალ გუნდში სადებიუტო აღმოჩნდა.

„ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან ეს „ტორპედოსთვის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ახლა ჩვენთვის ყველა მატჩი საფინალო მნიშვნელობისაა. ბედნიერი ვარ, რომ გუნდს დავეხმარე ამ გამარჯვებაში და სადებიუტო გოლიც გავიტანე, რომელიც ორმაგად მნიშვნელოვანი იყო“, – ამბობს თორნიკე ახვლედიანი.

ეროვნული ლიგის 25-ე ტურში, 20 სექტემბერს, ქუთაისელები „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედიას“ ესტუმრებიან. „ტორპედოს“ თავდამსხმელი იმედოვნებს, რომ გუნდი წარმატებულ სერიას გააგრძელებს.

„მთელი გუნდი კონცენტრირებული ვართ მომდევნო მატჩებზე. მოგება უნდა გაგრძელდეს! ჩვენ ამისთვის მზად ვართ. იმის იმედიც მაქვს, რომ კიდევ ბევრ გოლს გავიტან და მნიშვნელოვან ქულებს კვლავ მოვიპოვებთ“.

თორნიკე ახვლედიანმა სეზონი „დინამო თბილისში“ დაიწყო და 19 მატჩში 4 გოლი გაიტანა. მაგრამ შეხვედრების უმრავლესობაში შეცვლაზე შემოვიდა და ქუთაისის „ტორპედოში“ სათამაშო პრაქტიკისთვის გადავიდა.