ტოპ-5 | ვის ჰყავს ევროპაში საუკეთესო შემტევი ტრიო [ვიდეო] #1TVSPORT
ტოპ-5 | ვის ჰყავს ევროპაში საუკეთესო შემტევი ტრიო [ვიდეო] #1TVSPORT

გთავაზობთ, ტოპ-5 შემტევ ტრიოს, რომლებმაც 2021-2022 წლების სეზონზე ევროპის ტოპ-ლიგებში ყველაზე მეტი გოლი გაიტანეს.

ალბათ, წარმოუდგენელია, როდესაც ერთ გუნდში ნეიმარი, კილიან მბაპე და ლიონელ მესია, და ამ სიაში ეს ტრიო არ გხვდება, თუმცა შეუთამაშებლობამ, ტრავმების სიხშირემ ხელი შეუშალა და ამ სეზონზე მათი ძალის დანახვა ჯერ კიდევ შორეულ პერსპექტივად ჩანს.


#5 იმობილე, პედრო, სავიჩი – 27 გოლი (ლაციო)

„ლაციო“ სერია A-ს ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია, რომელიც მიმდინარე სეზონზე მეშვიდე ადგილზეა. დაცვაში საკმაოდ სუსტად გამოიყურება, თამაშიდან გამომდინარე, უფრო დაბალ საფეხურზე უნდა იყოს, მაგრამ ამ შემტევმა ტრიომ „რომაელები“ მარცხისგან არაერთხელ იხსნა.

მიმდინარე სეზონზე, ყველა ტურნირზე, ჩირო იმობილეს, პედროს და სავიჩს ჯამში 27 გოლი დაუგროვდათ.

როგორც მოსალოდნელი იყო, წამყვანი ფორვარდი იტალიელი იმობილე გახდა, ვეტერანმა 13 გოლი გაიტანა სერია A-ში, რასაც ევროპალიგაზე გატანილი სამი გოლიც დაამატა.


„ბარსელონას“ და „ჩელსის“ ყოფილი ფეხბურთელი – პედრო, იტალიის ჩემპიონატში ხუთით, ხოლო ევროპალიგაზე ერთი გოლით დაეხმარა გუნდს.

შემტევმა ნახევარმცველმა სავიჩმა სერია A-ში ხუთი გოლი გაიტანა. გუნდს დაცვაშიც რომ ასე წარმატებით ეთამაშა, „ლაციო“ დღეს ბევრად კარგ პოზიციებზე იქნებოდა.

 

#4 შიკი, ვირცი, დიაბი – 28 გოლი (ბაიერ ლევერკუზენი)

ამ სეზონზე ლევერკუზენის „ბაიერი“ საკმაოდ კარგად გამოიყურება. 14 მატჩის შემდეგ მესამე პოზიციაზეა და ლიდერ მიუნხენის „ბაიერნს“ შვიდი ქულით ჩამორჩება.

პატრიკ შიკის, ფლორიან ვირცის და მუსა დიაბის ტრიომ ამ სეზონზე კარგად იმუშავა და გუნდის წარმატებაზეც სახეზეა.

სამივე შემტევმა ერთად ამ სეზონზე „ბაიერის“ ბუნდესლიგური გოლებიდან (სულ 35) 22 გაიტანა.

ამ სეზონზე შიკი კლუბის ბომბარდირია. ჩეხ ფეხბურთელს ბუნდესლიგაში 12 გოლი აქვს გატანილი.


შემტევი ნახევარმცველი ფლორიან ვირცი და გარემარბი მუსა დიაბი ერთნაირად ნაყოფიერი იყვნენ ლევერკუზენის „ბაიერში“. მათ ამ სეზონზე ხუთ-ხუთი გაიტანეს ბუნდესლიგაში, რასაც ევროპალიგაზე კიდევ სამ-სამი გოლი დაამატეს.

 

#3 ბენზემა, ვინისიუსი, ასენსიო – 34 გოლი (მადრიდის „რეალი“)

კრიშტიანო რონალდოს წასვლის შემდეგ, მადრიდის „რეალი“ კარიმ ბენზემას იმედზე დარჩა. ფრანგმა ფორვარდმა პასუხისმგებლობა კარგად გაითავისა. ამ სეზონზე, ყველა ტურნირზე 20 მატჩში 17 გოლი გაიტანა და გუნდის მთავარ გოლეადორად იქცა.


წინა სეზონებისგან განსხვავებით, გუნდი მხოლოდ ბენზემას იმედზე აღარ არის. მარცხენა გარემარბი ვინისიუს ჯუნიორი გამოჩნდა, რომელიც „ლოს ბლანკოსის“ საიმედო ბომბარდირად ჩამოყალიბდა.

ბრაზილიელს ამ სეზონზე უკვე 12 გოლი აქვს გატანილი და როგორც ჩანს, გაჩერებას არ აპირებს.

მიმდინარე სეზონის დასაწყისში მარკო ასენსიო არცთუ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ მცირე დროის მიუხედავად, ხუთი გოლით დაეხმარა გუნდს. შემტევს პოტენციალი საკმაოდ დიდი აქვს და თუ მოუმატა, გუნდზე აუცილებლად აისახება.

 

#2 სალაჰი, მანე, ჟოტა – 38 გოლი (ლივერპული)

იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით, ლივერპული 4-3-3 ტაქტიკით თამაშობს.

ტრადიციული შემტევი სამეული, მყარი ნახევარდაცვა, ორი ფლანგის სწრაფი მცველი – ერთი შეხედვით, სისტემა სრულყოფილი ჩანდა. თუმცა კლოპი ამ სეზონზე მეტ ვარიანტს ეძებდა და გუნდი უფრო აგრესიული გახადა.

რობერტო ფირმინოს დიოგო ჟოტათი ჩანაცვლებამ, „ლივერპულს“ კიდევ უფრო მეტი სისწრაფე შემატა.

„მერსისაიდელების“ მთავარი ფორვარდი მოჰამედ სალაჰია. ეგვიპტელ ფეხბურთელს 20 გოლი აქვს გატანილი და გაჩერებას არ აპირებს.


სადიო მანემ და ჟოტამ, ყველა ტურნირზე „ლივერპულის“ მაისურით 9-9 გოლი გაიტანეს.

 

#1 ლევანდოვსკი, გნაბრი, სანე – 42 გოლი (ბაიერნი)

რობერტ ლევანდოვსკი წელს თავის პირველ „ოქროს ბურთთან“ ძალიან ახლოს იყო და გამოკითხვაში არგენტინელ „ჯადოქართან“ (მესი) მცირედი სხვაობით დამარცხდა.

პოლონელმა ფორვარდმა, ჯამში 25 გოლი გაიტანა, აქედან 16 ბუნდესლიგაში.


ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგაზეც გამოიჩინა თავი – ხუთ მატჩში 9 გოლი გაიტანა.

მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნის“ მე-9 ნომერთან ახლოს ვერავინ მივიდა, გუნდის შედეგში წვლილი სერჟ გნაბრიმ და ლეროი სანემაც შეიტანეს. სერჟმა რვა, ხოლო ლეროიმ ცხრა გოლი გაიტანა.