შეგახსენებთ, სპორტსმენმა სახელი გაითქვა იმით, რომ რიო-დე-ჟანეიროსა და პიონჩანგის ოლიმპიადების გახსნის ცერემონიებზე საკუთარი ქვეყნის მედროშე იყო. პირველ რიგში, გამორჩეული იყო მისი ჩაცმულობა.
რამდენიმე დღის წინ, ტაუფატოფუამ ავსტრალიაში ერთადგილიანი ბაიდარებით ოლიმპიურ შესარჩევ ტურნირში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მერვე ადგილზე გავიდა და პირდაპირ ვერ მოხვდა ტოკიოს თამაშებზე. ტონგოელმა ეს იმით ახსნა, რომ მანამდე ნეკნი გაიტეხა და კუნთის ტრავმაც მიიღო, ამიტომაც ვერ მოასწრო სტარტებისთვის 100 პროცენტით აღდგენა.
„ყველაფერი გავიღე, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. სტარტისთანავე მკვეთრი ტკივილი ვიგრძენი, ამიტომაც ვერ შევძელი კონკურენტების დაწევა, მაგრამ მე მიყვარს ბაიდარებით რბოლა, ამიტომაც, დავბრუნდები აქ, როგორც კი ნორმალურად ვიგრძნობ თავს”, – თქვა ტაუფატოფუამ.
მაისის ბოლოს, გერმანიის ქალაქ დუისბურგში გაიმართება 2020 წლის ოლიმპიადის ბოლო შესარჩევი ეტაპი ბაიდარებითა და კანოეთი ნიჩბოსნობაში. იმ შემთხვევაში, თუ ტაუფატოფუა შეძლებს ტოკიოს საგზურის მოპოვებას, ის გახდება პირველი სპორტსმენი თანამედროვე ისტორიაში, ვისაც ტექნიკურად სპორტის სამ განსხვავებულ სახეობაში ექნება მიღებული მონაწილეობა ოლიმპიადებზე.
ნიჩბოსნობაში ნაჩვენები შედეგების მიუხედავად, ტაუფატოფუა ასევე გეგმავს ტაეკვანდოში ოლიმპიური საგზურისთვის ბრძოლას. ოკეანეთისთვის სპორტის ამ სახეობაში შესარჩევი ეტაპი მარტის დასაწყისში გაიმართება.
ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.