თომა ტაბატაძე - ეროვნულ ლიგაშიც ბომბარდირობისთვის მინდა ვიბრძოლო
თომა ტაბატაძე - ეროვნულ ლიგაშიც ბომბარდირობისთვის მინდა ვიბრძოლო

თომა ტაბატაძემ გასული სეზონი „რუსთავში“ ჩაატარა და ბევრი გუნდი დააინტერესა, მან კი არჩევანი „საბურთალოზე“ გააკეთა. 29 წლის თავდამსხმელმა გადაწყვეტილების მიზეზებზე ილაპარაკა.

„ლიგა-2-ში თამაშით „საბურთალო“ დავაინტერესე, რამაც ძალიან გამახარა. მივიღე საინტერესო შეთავაზება, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემთვის ამ გუნდში მოხვედრა ახალი გამოწვევაა. ძალიან კარგი, მეგობრული გარემო დამხვდა. ბედნიერი და მაქსიმალურად მოტივირებული ვარ, რაც გუნდში არსებული ატმოსფეროს დამსახურებაა. მომწონს სამწვრთნელო შტაბის ხედვები, ვარჯიშები და რაც მთავარია, დიდი მიზნები გვაქვს. გასულ წლებში „საბურთალოს“ ვუყურებდი და ვგულშემატკივრობდი, ყოველთვის საინტერესო ფეხბურთს თამაშობდა და გუნდის სათამაშო სტილი და ბრძოლისუნარიანობა მომწონდა“, – ამბობს თომა ტაბატაძე.

შარშან „რუსთავში“ 29 წლის თავდამსხმელი 13 გატანილი გოლით ლიგა-2-ის ბომბარდირი გახდა. თომა იმედოვნებს, რომ იგივეს ეროვნულ ლიგაში შეძლებს. ამავე დროს, გუნდის წარმატებულ გამოსვლისაც სჯერა:

„დიდი სურვილი მაქვს, ბომბარდირობისთვის ვიბრძოლო. ყველა თავდამსხმელი ამას ცდილობს. მაქსიმალურად ვიბრძოლებ გუნდის ინტერესებისთვის, თუ ამას ბომბარდირობაც დაემატება, რატომაც არა. გუნდი კი წლეულს ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს. მთავარი მიზანი პირველობაა. მჯერა, ამ მიზნებს რეალობად ვაქცევთ და გავახარებთ ჩვენს გულშემატკივარს“.

ტაბატაძეს თურქეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში უთამაშია. მისი თქმით, საერთაშორისო გამოცდილება ძალიან წაადგა:

„დიდი გამოცდილება შევიძინე, რადგან ოჯახისა და ქვეყნის დატოვება ძალიან პატარა ასაკში მომიხდა. მხოლოდ საკუთარ თავზე ვიყავი დამოკიდებული. ლიეტუვასა და ლატვიაში საკმაოდ გამოცდილი ფეხბურთელების წინააღმდეგ ვთამაშობდი და ბევრი რამ ვისწავლე. კარიერის უმეტესი ნაწილი კი თურქეთში გავატარე. იქ ფეხბურთი განსაკუთრებით უყვართ“.