თოკო დაბრუნდა - 11 ქულა „ესტუდიანტესთან“ [ვიდეო]

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ბასკონიას“ ლიდერი მოედანს ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა.

თორნიკე შენგელია 30 დეკემბერს, ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში დაშავდა და აქამდე რეაბილიტაციის პროცესს გადიოდა. საბედნიეროდ, თოკო გუშინ მოედანს დაუბრუნდა და საკუთარ გუნდს „ესტუდიანტესის“ დამარცხებაში დაეხმარა („ბასკონია“ 104:67 „ესტუდიანტესი“).

შენგელიამ პარკეტზე 17:22 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 11 ქულა, ოთხი მოხსნა და სამი გადაცემა დააგროვა. თორნიკემ ათიდან ხუთი ორქულიანი გამოიყენა და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. „ბასკონიას“ რიგებში 15 ქულით საუკეთესო ჯალენ ჯონსი იყო, მარსელინიო ჰუერტასის ანგარიშზე 14 ქულაა.

ბასკონიელები 18 მოგებითა და 7 მარცხით მესამე ადგილზე არიან, შემდეგ ტურში კი, 7 აპრილს, სტუმრად „მურსიას“ დაუპირისპირდებიან.