ტოკიოში ოლიმპიადის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
ტოკიოში ოლიმპიადის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

2020 წლის ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან ზუსტად ერთი წლით ადრე, ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა, – წერს სააგენტო „რეიტერი“ (REUTERS). მისი მონაწილე დაახლოებით 100 ადამიანი გახდა.

აქციის მონაწილეები იაპონიის მთავრობას ოლიმპიადის ბიუჯეტის გაზრდისთვის აკრიტიკებდნენ იმ ფონზე, რომ ზოგიერთ რეგიონში ჯერაც არ არის ლიკვიდირებული 2011 წლის დამანგრეველი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგები. ბოლო მონაცემებით, ტოკიოს თამაშების საერთო ღირებულებამ 12.6 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება პირველად შეფასებას (შვიდი მილიარდი დოლარი).

საგულისხმოა, რომ აქციას ასევე შეუერთდნენ პარიზისა და ლოს ანჯელესის მცხოვრებლები. ეს ქალაქები 2024 და 2028 წლების ოლიმპიადების მასპინძლები უნდა იყვნენ. დემონსტრანტების საერთო მოწოდება იყო ოლიმპიური თამაშების სრული აკრძალვა, რადგან ეს სპორტული ფორუმი აღარიბებს მოსახლეობას და ზიანს აყენებს ბუნებას.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 2020 წელს 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.