ტოკიოში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა
ტოკიოში ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს მედლების მორიგი კომპლექტი გათამაშდა

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატის მესამე დღეს მედლების კომპლექტი ვაჟთა შორის 73, ხოლო გოგონებში 57 კგ. წონით კატეგორიებში გათამაშდა.

ვაჟთა შორის პირველობა არავის დაუთმო მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იაპონიის ნაკრების ერთ-ერთმა გამორჩეულმა ვარსკვლავმა შოჰეი ონომ და მან მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მესამედ დაისაკუთრა.

ონომ მსოფლიო ჩემპიონატზე ექვსი ორთაბრძოლა ჩაატარა და ყველგან გამარჯვება იპონით დააფიქსირა.

27 წლის იაპონელმა 1/8 ფინალში საქართველოს ნაკრების ლიდერი ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ბრინჯაოს მედალოსანი ლაშა შავდათუაშვილი დაამარცხა. ფინალურ შეხვედრაში კი, წუთსა და 17 წამში ოლიმპიადის და მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს, აზერბაიჯანელ რუსტამ ორუჯოვს სძლია.

73 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლები რუსმა დენის იარცევმა და აზერბაიჯანელმა ჰიდაიატ ჰეიდაროვმა დაისაკუთრეს.

ქალთა შეჯიბრზე 57 კგ. წონით კატეგორიაში ჩემპიონობა კანადის სახელით მოასპარეზე კრისტა დეგუჩიმ იზეიმა, რომელმაც დამატებით დროში გადამწყვეტი ვაზარით იაპონელ ცუკასა იოშიდას სძლია, ბრინჯაოს პრიზიორები კი პოლონელი იულია კოვალჩიკი და ბრაზილიელი ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელა სილვა გახდნენ.