ტოკიო 2020 | სლოვენიამ და ესპანეთმა მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს #1TVSPORT 
ტოკიო 2020 | სლოვენიამ და ესპანეთმა მეოთხედფინალის საგზურები მოიპოვეს #1TVSPORT 

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე კალათბურთი აქტიურად მიმდინარეობს და აშშ-ის მარცხს თუ არ ჩავთვლით, ტურნირის მთავარი ფავორიტები სტატუსს ამართლებენ.

დღეს, 29 ივლისს, ტოკიო 2020-ის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. პირველ შეხვედრაში სლოვენიის უძლიერესი ნაკრები იაპონიას შეხვდა და 35 ქულის სხვაობით მოუგო. შეგახსენებთ, რომ პირველ შეხვედრაში სლოვენიელებმა, ლუკა დონჩიჩის შესანიშნავი მატჩის წყალობით, არგენტინას 18 ქულით მოუგეს, დღევანდელი დღის შემდეგ კი C ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ.

სლოვენიამ პირველივე ტაიმში გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება მოახერხა და საბოლოო ჯამში, მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა.

დონჩიჩი ამ შეხვედრაშიც ძალიან კარგი იყო და თავის გუნდში ყველაზე მეტი ქულა დააგროვა. მის ანგარიშზე 25 ქულა, 7 პასი და 7 მოხსნაა. კარგი მატჩი ჰქონდა ზორან დრაგიჩსაც, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. მიუხედავად მარცხისა, იაპონელებიდან ძალიან კარგად გამოიყურებოდა „ვაშინგტონ ვიზარდსის“ 23 წლის მოთამაშე რუი ჰაჩიმურა, რომლის ანგარიშზეც 34 ქულაა.

C ჯგუფში სლოვენიასთან ერთად მეოთხედფინალში გასვლის უფლება ესპანეთის ნაკრებმაც მოიპოვა, რომელიც მეორე შეხვედრაში არგენტინას დაუპირისპირდა და 81:71 დაამარცხა.

პირველი მატჩისგან განსხვავებით ეს უფრო დაძაბული აღმოჩნდა, რადგან არგენტინელებმა პირველი მეოთხედის 5 ქულით მოგება მოახერხეს. მიუხედავად ამისა, ესპანეთმა მაინც შეძლო თამაშის თავის სასიკეთოდ წარმართვა და ტოკიოს ოლიმპიადაზე მეორე გამარჯვება იზეიმა.

აღსანიშნავია ის, რომ ესპანელებიდან 10-ზე მეტი ქულა მხოლოდ რიკი რუბიოს ჰქონდა – 26. არგენტინელებიდან კი ყველაზე შედეგიანი ნიკოლას ლაპროვიტოლა იყო 27 ქულით, 13 ქულა დააგროვა ლუის სკოლამ.

ჯგუფის ბოლო შეხვედრები 1 აგვისტოს გაიმართება, სადაც პირველ ადგილზე გასული გუნდის ვინაობა გადაწყდება.