ტოკიო 2020 | გაიცანით საქართველოს ოლიმპიური ნაკრები კრივში  #1TVSPORT
ტოკიო 2020 | გაიცანით საქართველოს ოლიმპიური ნაკრები კრივში #1TVSPORT

ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით იაპონიის დედაქალაქი ტოკიო უმასპინძლებს, საქართველო სპორტის 11 სახეობაში 35 სპორტსმენით წარსდგება.

ერთ-ერთ მასშტაბურ ტურნირზე ჩვენი ქვეყნის სახელით მედლების მოპოვებას სამი მოკრივე შეეცდება – სახილ ალახვერდოვი 52კგ, ესკერხან მადიევი 69კგ და გიორგი ხარაბაძე 75 კგ. ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას 286 მოკრივე მიიღებს. გათამაშდება მედლების 13 კომპლექტი. შეჯიბრებები 24 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

სახილ ალახვერდოვი (52კგ – 22 წლის)

დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (2019, თბილისი, საქართველო, 49 კგ), ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანი (49 კგ,ბელარუსი,მინსკი 2019), ევროკავშირის ჩემპიონატის ვერცხლის მედალი (49კგ,ვალიადოლიდი, ესპანეთი 2018). სახილ ალახვერდოვმა პირველი არხის გადაცემასთან „ტაიმაუტი“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ იგი ტოკიოში ოქროს მედლის მოსაგებად მიემგზავრება და ყველაფერს გააკეთებს მიზნის მისაღწევად. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, ქართველი მოკრივის წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე სავსებით რეალურია.

ესკერხან მადიევი (69კგ – 23 წლის)

ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი (2015, კოლობჟეგი, პოლონეთი), 22-წლამდელებს შორის ევროპის ჩემპიონი (2017, ბრაილა, რუმინეთი), დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული (2018,თბილისი,69 კგ). ესკერხან მადიევმაც თანაგუნდელ ალახვერდოვის მსგავსად განაცხადა, რომ იგი ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად მიემგზავრება და ტოკიოში მისი მთავარი კონკურენტი რეიტინგის სათავეში მყოფი ინგლისელი სპორტსმენი იქნება. ქართველი მოკრივესთვის ოლიმპიადაზე ნებისმიერი სინჯის მედალი უკვე დიდი წარმატების მომტანია.

გიორგი ხარაბაძე (75კგ – 24 წლის)

დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორი (2017, თბილისი, საქართველო, 69 კგ), საერთაშორისო ტურნირის ვერცხლის პრიზიორი (2018, მინსკი, ბელარუსი, 75 კგ). გიორგი ხარაბაძის თქმით, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მისთვის უკვე დიდი წარმატებაა და იგი ყველაფერს გააკეთებს ქართველი გულშემატკივრის გასახარებლად.

23 ივლისიდან უგულშემატკივრეთ ქართველ სპორტსმენებს საქართველოს პირველ არხზე.